უცხოელი პედაგოგების ირგვლივ სკანდალები მატულობს

უცხოელი პედაგოგების ირგვლივ სკანდალები მატულობს

ინგლისურის უცხოელი პედაგოგები სულ 2-3 თვეა საქართველოში იმყოფებიან და მათ ირგვლივ უკვე სკანდალები ძალიან მომრავლდა. უცხოელი მასწავლებელების მიმართ პრეტენზია უკვე დედაქალაქშიც გაუჩნდათ.

55-ე საჯარო სკოლიდან ინგლისურის უცხოელი მასწავლებელი ალექს უილიამსი გაათავისუფლეს. როგორც სკოლის მოსწავლეები იტყობინებიან, “დირექტორმა პედაგოგი მისი არაკვალიფიციურობის გამო გააგდო, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია ამ ინფორმაციას არ ახმაურებს და მოსწავლეებსაც იგივეს სთხოვს”.

თავად დირექტორი თამარ ჭაბაშვილი პედაგოგის გათავისუფლების ფაქტს არ ადასტურებს, თუმცა არ მალავს, რომ მოწვეული მასწავლებელი სკოლაში აღარ მუშაობს.

“ჩვენ მართლაც გვყავდა ინგლისურის უცხოელი მასწავლებელი ალექს უილიამსი, თუმცა ის სკოლაში 3-თვიანი პროგრამით იმყოფებოდა, რომელიც უკვე ამოიწურა”, - განაცხადა ჭაბაშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოზიციას, სამინისტროში აღნიშნული საკითხის გარკვევას პირობა დადეს, თუმცა მოგვიანებით სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.

ექსპერტებს ე.წ. უცხოელი პედაგოგების კვალიფიკაციასა და კომპეტენციაში იმთავითვე ეჭვი ეპარებოდათ, მაგრამ თანდათან ეს ყველაფერი სკანდალურ ფორმატში გადადის. 
პირველი სკანდალი ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლაში მოხდა, როდესაც ამ სკოლაში მიჩენილმა მავანმა ინგლისურის პედაგოგმა სოციალურ ქსელში თავისი ამორალური ფოტოები გამოაქვეყნა. ამ ამბავმა სრულიად საქართველო, განსაკუთრებით კი ზუგდიდელები გააღიზიანა, მაგრამ თომას ფლეტჩერის დაცვა თავად განათლების მინისტრმა ითავა. სამაგიეროდ, ყოვლად დაუცველი დატოვა ზუგდიდელი მოსწავლეები.

“ეს ფოტოები ფალსიფიცირებულია, მაგრამ ფაქტია, რომ თომას ფლეთჩერი ჰომოსექსუალად მონათლეს. უცხოელი პედაგოგები დეზინფორმაციის გავრცელების გამო სასამართლოში ჩივილს აპირებენ. სამწუხაროდ, ქვეყანაში არის ხალხი, რომელიც მზადაა, ყველაფერი ჭუჭყში ამოსვაროს, ეს ძალიან ცუდია”, - განაცხადა მინისტრმა.

დავით ფიფიამ, რომლის ოჯახში ცხოვრობს თომას ფლეთჩერი, განაცხადა, რომ ესაუბრა უცხოელს, რომელსაც უთქვამს, ბიჭები დავთვერით და ვიმაიმუნეთ, არატრადიციული ორიენტაციის რომ ვიყო, არ დავმალავდი, დასამალი არაფერიაო. რაც მთავარია, ფლეთჩერს გაჰკვირვებია, საქართველოში არატრადიციული ორიენტაცია ასე მკაცრად რატომ განისჯებაო. 

სრულიად სხვა მოსაზრება აქვთ ზუგდიდელ ჟურნალისტებს. “ეს ე.წ. პედაგოგი ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ისეთ პოზებშია გამოსახული, რომ თქმაც კი მიჭირს... შაშკინი კი გამოდის და ამბობს, ეს საკითხი ჟურნალისტებმა გაამწვავეს, თორემ საგანგაშო არაფერია, ჟურნალისტებმა დაივიწყეს სტუმარმასპინძლობაო. ფლეთჩერის ორიენტაცია ვის აინტერესებს, მაგრამ როცა მას ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, უთქმელობა დანაშაულის ტოლფასია”, - აცხადებს ჟურნალ “ღია ბოქლომის” რედაქტორი, ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია.

მიუხედავად უკვე აგრებული დიდი სკანდალებისა, საქართველოში ინგლისური ენის პედაგოგების მორიგი ჯგუფი ჩამოვიდა. უცხოელ მასწავლებლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ.

ეს პროექტის “ასწავლე და ისწავლე მასთან ერთად” ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ ინგილურენოვან მასწავლებელთა მე-9 ნაკადია. პროექტი წლის ბოლომდე ქვეყანაში ინგლისური ენის სულ 1 000 უცხოელი პედაგოგის ჩამოყვანას ითვალისწინებს.