ნიდერლანდელი მხატვრის ფრანც ჰალსის ძვირადღირებული ნახატი მუზეუმიდან მესამედ მოიპარეს

ნიდერლანდელი მხატვრის ფრანც ჰალსის ძვირადღირებული ნახატი მუზეუმიდან მესამედ მოიპარეს

26 აგვისტოს ღამით ნიდერლანდების ქალაქ ლერდამის ერთ-ერთი კერძო მუზეუმიდან მხატვარ ფრანც ჰალსის ნახატი „ორი მომღიმარი ბიჭი და ლუდის კათხა“ მოიპარეს. ქურდები მუზეუმში უკანა კარებიდან შევიდნენ. სიგნალიზაცია ჩაირთო, თუმცა პოლიციის მოსვლამდე ბოროტმოქმედებმა მიმალვა მოასწრეს.

ფრანც ჰალსი ნიდერლანდური ფერწერის​ „ოქროს ხანის“ წრამომადგენელია. ის მე-17 საუკუნეში ცხოვრობდა და პორტრეტების შესრულებით აითქვა სახელი. მას ეკუთვნის ფრანგი ფილოსოფოსის, რენე დეკარტის ყველაზე ცნობილი პორტრეტი. ვინსენტ ვან გოგი ამბობდა, რომ ჰალსის ნახატებში შავი ფერის 27 ელფერის გარჩევაა შესაძლებელი.

ნახატი „ორი მომღიმარი ბიჭი და ლუდის კათხა“ ჰალსმა 1626 წელს შექმნა. ექსპერტების განცხადებით, ნახატის ღირებულება 15 მილიონი დოლარია. „ორი მომღიმარი ბიჭი და ლუდის კათხა“ 1988 და 2011 წელს მოიპარეს. პირველ შემთხვევაში ნახატი 3 წლის შემდეგ, მეორეში კი 6 თვეში იპოვეს. ორივე შემთხვევაში პოლიციამ ქურდობაში ბრალდებულები იპოვა და პასუხისგებაში მისცა.

2011 წელს, მეორე ქურდობის შემდეგ ლერდამის მუზეუმმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. ჰალსის ნახატი და სხვა ძვირადღირებული ნამუშევრები ცალკე დარბაზში გადაიტანეს, სადაც მხოლოდ მუზეუმის თანამშრომელთან ერთად შეიძლებოდა შესვლა. ახლა მუზეუმი კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილია. პოლიციაში მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.