შატილის გზაზე ავარიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, სამშობლოში უსაფრთხოდ და შეუფერხებლად დაბრუნებაში საქართველოს მთავრობა დაეხმარება

შატილის გზაზე ავარიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, სამშობლოში უსაფრთხოდ და შეუფერხებლად დაბრუნებაში საქართველოს მთავრობა დაეხმარება

საქართველოს მთავრობა მზად არის, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახების წევრებს, საჭიროებისამებრ დახმარება აღმოუჩინოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრაგედიისას დაღუპულთა საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრები საქართველოში დაბრუნებისას, გამონაკლისის სახით, დახმარებას ითხოვდნენ საზღვრის კვეთისა და შემდგომ პროცედურებში.

ინფორმაციის მიღებისთანავე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პირდაპირ დაუკავშირდა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დახმარებით, უზრუველყოფს მათ სწრაფ დაბრუნებას, ეხმარება მგზავრობასა და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ყველა საკითხის გადაჭრაში, რათა ისინი ქვეყანაში შეუფერხებლად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ.

პროცესში აქტიურად ჩართულია როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სხვა უწყებები. აღნიშნულ პროცესებს კოორდინაციას უწევს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობოთ მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს საოპერაციო შტაბი.

ცნობილია, რომ ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი საქართველოში აზერბაიჯანის მხრიდან შემოვა. ასევე შედგა კომუნიკაცია ისრაელში საქართველოს საელჩოდან და სხვა გარდაცვლილის ოჯახის წევრები ისრაელიდანაც ჩამოვლენ.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, დაღუპულთა ოჯახის წევრებს საზღვარზე ცალკე გამოყოფილი ავტომობილები დახვდებათ. მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მაქსიმუმ 24 საათში შეძლებენ კარანტინის დატოვებას და შემდეგ უკვე ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ ტესტირება.

საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, რომ დაეხმაროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს საზღვრის კვეთის პროცედურების გამარტივებაში, რათა მათ დროულად მოახერხონ საკუთარ ოჯახებთან ჩამოსვლა“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.