ამირან გამყრელიძე: მე-19 გარდაცვლილთან გუშინდელ დილამდე დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა

ამირან გამყრელიძე: მე-19 გარდაცვლილთან გუშინდელ დილამდე დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა

მე-19 გარდაცვლილი პაციენტი შშმ პირი იყო და სახლში, ინფიცირებულ დასთან ერთად მკურნალობდა, ვინაიდან მასთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, თუმცა გუშინ დილით მდგომარეობა გართულდა და დაფიქსირდა უეცარი გარდაცვალება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„მე-19 გარდაცვლილი პაციენტი იყო შშმ პირი, რომელსაც ჰქონდა კოქსართროზი და მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა და უჭირდა გადაადგილება. მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ის სახლში, ინფიცირებულ დასთან ერთად იმკურნალებდა, რამეთუ მასთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, გუშინ დილით შემთხვევა გართულდა და მისმა დამ მიიღო გადაწყვეტილება პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, თუმცა ეს ვერ მოესწრო. დიდი ალბათობით, უეცარი სიკვდილი უკავშირდება ცხიმოვან ემბოლიას, რომელიც საკმაოდ ხშირ გართულებას წარმოადგენს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის შემდეგ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 429 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 150-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.