ისეთი გახმაურებული პროექტების შემდეგ, როგორებიცაა The Witch და The Lighthouse, ამერიკელმა რეჟისორმა რობერტ ეგერსმა ახალი ფილმის გადაღებები დაიწყო, რომელსაც ისლანდიელი მომღერალი ბიორკიც შეუერთდა.
The Northman — ეს იქნება მომავალი კინოსურათის სახელწოდება, რომელიც მეათე საუკუნეში ვიკინგების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს. Dეადლინე-ის ინფორმაციით, ბიორკი ამ ისტორიაში სლავი ალქაჯის როლში მოგვევლინება.
აღსანიშნავია, რომ მრავალი წლის შემდეგ ეს ბიორკის პირველი მნიშვნელოვანი კინოპროექტი იქნება: 2000 წელს მან ლანს ფორ ტრიერის გახმაურებულ ფილმში Dancer in the Dark ითამაშა, შემდეგ კი მნიშვნელოვანი როლები აღარ ჰქონია.
ბიორკი ერთადერთი ცნობილი სახე არ იქნება, რომელსაც რობერტ ეგერსის ამ დამაინტრიგებელ ფილმში ვიხილავთ: ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთ მთავარ როლებს სატელევიზიო შოუების მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი სამსახიობო წყვილი, ნიკოლ კიდმანი და ალექსანდრ სკარსგარდი მოირგებენ.
ფილმში ასევე ვიხილავთ იმ მსახიობებსაც, რომელთაც რობერტ ეგერსთან უკვე უთანმშრომლიათ: ანია ტეილორ-ჯოი The Witch-დან და უილემ დეფო The Lighthouse-დან.
ფილმის გადაღებები ამ წლის დასაწყისში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ზუსტად ერთი კვირით ადრე შემოქმედებით გუნდს მოუწია, რომ პანდემიის გამო გადასაღები მოედნიდან კარანტინში გადასულიყო.
რამდენიმეთვიანი დაგვიანების მიუხედავად, გადაღებები ცოტა ხნის წინ მაინც განახლდა: ირლანდიის ერთ-ერთი სოფლიდან ამის ამსახველი კადრებიც კი გავრცელდა.
The Northman-ის სიუჟეტური ხაზი ძირითადად ალექსანდრ სკარსგარდის პერსონაჟის ირგვლივ განვითარდება: ვიკინგი პრინცი, რომელსაც მამის მკვლელობის გამო შურისძიება სწყურია.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ვიხილავთ ფილმს კინოთეატრებში, თუმცა ამ დღეს უკვე მოუთმენლად ველით.