გია ხუხაშვილი: ოპოზიციაში საბნის გადაქაჩვის ოპერაციებით არიან დაკავებული - პოლიტიკურ ელიტას დამწიფებული თინეიჯერივით თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია

გია ხუხაშვილი: ოპოზიციაში საბნის გადაქაჩვის ოპერაციებით არიან დაკავებული - პოლიტიკურ ელიტას დამწიფებული თინეიჯერივით თავი სამყაროს ცენტრი ჰგონია

ოპოზიციაში იმას კი არ ცდილობენ, რომ ის ელექტორატი მოიძიონ, რომელიც დღეს არჩევანის გარეშეა დარჩენილი. შიგნით, ჩაკეტილ სისტემაში ცდილობენ, რომ მწირი ელექტორატი თავისკენ უფრო გადაქაჩონ, ანუ ერთმანეთში საბნის გადაქაჩვის ოპერაციებით არიან დაკავებული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ოპოზიციურ პარტიებში არსებულ ვითარებასა და მათი ერთიანობის შეფასებაზე განუცხადა.

გია ხუხაშვილის თქმით, საერთოდ, ოპოზიციასთან დაკავშირებით ერთიანობა ძალიან პირობითი თემაა, რადგან ის საკმაოდ ეკლექტურია, ხშირ შემთხვევაში კი სახეზე გვაქვს მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება. ხუხაშვილის მოსაზრებით,

შესაძლებელია გარკვეულ კოორდინაციებზე საუბარი, მაგრამ არ არსებობს ერთიანობა და პოლიტტექნოლოგიურად ეს არც არის სასარგებლო.

„საქმე იმაშია, რომ ყველა პარტიას ჰყავს თავისი ამომრჩეველი და არსებობს ამომრჩეველი, რომელიც ეძებს მომავლის არჩევანს, რომელსაც არ მოსწონს წარსული „ნაციონალური მოძრაობის“ სახით და არ მოსწონს აწმყო დღევანდელი ხელისუფლების სახით. ასეთი ამომრჩევლისთვის ამ ტიპის ერთიანობა საერთოდ არაფრის მომცემია და ტყუილად ნუ ექნებათ პარტიებს იმის ილუზია, რომ ისინი თავის ამომრჩეველს ხმას მიაცემინებენ იმისთვის, ვისზეც თვითონ უნდათ. რეალობაში ასე არ ხდება. ასე, რომ ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი კინკლაობა და მეტი არაფერი. ყველამ თავის თავს მიხედოს. აუცილებლად იქნება მეორე ტური და ოპოზიციას ერთადერთი, შინაარსობრივად გამართული, რაც შეუძლია ილაპარაკოს, არის ის, რომ ოპოზიციის მხრიდან მეორე ტურში გასულ კანდიდატს კონსოლიდირებულად დაუჭირონ მხარი. პირველ ტურში კი ვისაც უნდა იმან იყაროს კენჭი. აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას, იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ იგივე ისნის ოლქზე, რაც არ უნდა კონსოლიდაცია მოხდეს ოპოზიციის მხრიდან პირველ ტურში მაინც ვერ მოგებენ. ამიტომ, ტყუილად ნუ იხარჯებიან. ოპოზიციურმა კანდიდატებმა პირველ ტურში აჩვენონ, რომელია საუკეთესო მათ შორის და მეორე ტურში უკვე კონსოლიდირებულად გამოვიდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა

მისივე მოსაზრებით, ზოგადად, ქართული პოლიტიკური ელიტა უმწიფარია.

„მათ გადამწიფებულ თინეიჯერს ვუწოდებ. თინეიჯერებს ხომ საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად მიაჩნიათ, ასე მიაჩნია ჩვენს პოლიტიკურ ელიტასაც. თუმცა, ეს მხოლოდ ოპოზიციას არ ეხება, სახელისუფლებო პარტიებიც იგივე მდგომარეობაშია. გიორგი ვაშაძის ამბიციაც ჩვეულებრივ ამბად მიმაჩნია, არ იქნებოდა ვაშაძე?! იქნებოდა სხვა. ფაქტია, რომ დღეს ისინი იყოფენ საკუთარ მცირე ელექტორატს და იმას კი არ ცდილობენ, რომ მოიძიონ ის ელექტორატი, რომელიც დღეს არჩევანის გარეშეა დარჩენილი, შიგნით, ჩაკეტილ სისტემაში ცდილობენ, რომ მწირი ელექტორატი თავისკენ უფრო გადაქაჩონ, ანუ ერთმანეთში საბნის გადაქაჩვის ოპერაციებით არიან დაკავებულები . ესეც ჩვეულებრივი ამბავია, როცა გასაყოფი არაფერია, იქ პატარაზეც იწყება ჩხუბი და დავი-დარაბა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ამ ადამიანის რეალობასთან შეუსაბამო ნარცისზმმა უკვე ისეთ დონეს მიაღწია, ისე ძლიერ გავიდა რეალობიდან, რომ შეიძლება ვილაპარაკოთ გარკვეულ ფსიქიკურ დაავადებაზე კერძოდ შიზოფერნიაზე!
4 წლის უკან