ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, ექიმი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:
„როგორც მოქალაქეს, ცხადია მაქვს ჩემი პოზიცია, პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები. ჩემმა მეგობრებმა იციან მათ შესახებ, თუმცა ამავე დროს, ბევრი მეგობარი მყავს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების მქონე. ვერავითარ პრობლემას ამაში ვერ ვხედავ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ვცდილობ რაც შეიძლება ნაკლებად გამოვხატო სახალხოდ ჩემი პოლიტიკური შეხედულებები. ვცდილობ არ გამექცეს სიტყვა- როგორც ექიმი, ყველასათვის "თავისიანი", სანდო მინდა ვიყო. ვიცი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის პროცესში.
ერთადერთი, ვისაც დავუპირისპირდები აზრითაც და თუ საჭირო გახდა, ყველანაირად, ესაა ქვეყნის ძლივს მოპოვებული თავისუფლების მტრები!! ვერც მეგობრებად შევეგუები ისეთ ხალხს, ვინც ამბობს: "-ისევ რუსეთმა დაგვიპყროს, ისევ რუსეთს მივეფეროთ.." ესენი, ან უკვე უიმედოდ ტვინგაყინულები არიან (თავმოყვარეობაზე არაფერს ვამბობ), ან მიყიდულები მტერს. როგორ ვერ უნდა ხედავდე, რომ რუსეთი ახლა, სახელმწიფოებრივად (ცალკეულ მოქალაქეებს არ ვგულისხმობ), მარტო ჩვენი კი არა, მთელი დანარჩენი სამყაროს მტერია! ყველა ბოროტმოქმედს, აწ უკვე დასჯილსაც, ბოლო იმედად რუსეთი ჰყავს და ჰყავდა! ჩვენთან ხელშეკრულების დადების პირველივე დღეებიდანვე დაარღვიეს იგი და უცერემონიოდ დაგვიპყრეს. ძალიან მალე სახელმწიფო, სამოხელეო ენაც კი საქართველოში რუსული გახადეს!! 2 გუბერნიად გადაგვაქციეს ამხელა ისტორიის მქონე ქვეყანა. გვიშველა, ამოგვასუნთქა იმან, რომ რუსეთის იმპერია ერთი ფორმატით დაინგრა. ახალი, სსრკს ფორმატშიც კი უკეთესი მდგომარეობა გვქონდა, ვიდრე იმპერიის დროს- სახელმწიფოებრიობის რაღაც ნიშან- წყალი დაგვიბრუნდა, ენა- რაც მთავარია! ეკონომიურადაც მოვჯობინდით. თუმცა მაინც ვერ გამოვედით ამ გალიიდან უდანაკარგოდ და უსისხლოდ(ეს რთული და დიდი ანალიზის საგანია). სსრკს დანგრევის შემდეგაც გვქონდა არაერთი მცდელობა, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის, ესენგეშიც შევედით, მათ მიერ დანიშნული ძალოვანი მინისტრები გვყავდა, მაგრამ ამან არაფრით არ უშველა ჩვენს მიმართ მათ მტაცებლურ პოლიტიკას! ეს მაინც გაიხსენეთ- 25 წლის წინანდელია.
მე არ ვამბობ მტერს ვეკვეთოთ და შევაკვდეთ მეთქი. რა თქმა უნდა, მუდამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, დისტანციაზე და დაველოდოთ როდის წაიქცევა- ეს კი აუცილებლად მოხდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება წართმეულის დაბრუნება. სხვანაირად სასაცილოა ამაზე ფიქრიც კი (არც ომით და არც მუცელზე ფერებით)!
შემდგომში შევეცდები კიდევ უფრო ნაკლებად შეგაწყინოთ თავი ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით, მაგრამ ქვეყნის დამოუკიდებლობა პოლიტიკა არაა და მისი მოწინააღმდეგეები (ნებით თუ უნებლიედ) მეგობრებად- არც რეალურ სივრცეში მინდა და არც ვირტუალურში!“