გუშინ შემოიყვანეს სამი ქალბატონი ავარიის ადგილიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა.
„ორ დაშავებულს აღენიშნება უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწარაფოდ იქნენ შეყვანილი საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია, თუმცა სამივე მათგანს აღენიშნება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.
სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მთავრობის განკარგულებით, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.