მიხეილ რამიშვილი: საქმით ჩანს, რომ გამოძიება მუშაობს თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე და არა - მკვლელობის

მიხეილ რამიშვილი: საქმით ჩანს, რომ გამოძიება მუშაობს თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიაზე და არა - მკვლელობის

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და მათი ინტერესების დამცველი, მიხეილ რამიშვილი პროკურატურაში, მთავარ პროკურორთან შესახვედრად მივიდნენ.

„კითხვა იქნება მრავალი. მოთხოვნებს არ დავაკონკრეტებ. არსებული გარემო აბსოლუტურად მიუღებელია. მე აქ ბრალდებულის ინტერესებს არ ვიცავ, მე ვიცავ დაზარალებული ინტერესებს და ეს გარემო და ფონი, ფსიქოლოგიურად, ცოტა, მიუღებელია. ვერსიებზე მუშაობენ, მაგრამ საქმით საპირისპირო მტკიცდება. ისინი სამივე ვერსიაზე მუშაობენ (მკვლელობა, თვითმკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა), მაგრამ, ჩემთვის, როგორც მხარისთვის, ამ შემთხვევაში, დაზარალებულის მხარისთვის, საქმით, მუშაობენ თვითმკვლელობაზე და არა - მკვლელობაზე. ვიმედოვნებ, რომ იქნება არა წუთიერი, არამედ - რამდენიმესაათიანი შეხვედრა და იქნება იმის საშუალება, რომ არა კითხვა-პასუხის რეჟიმით, არამედ, საქმის მასალების გამოთხოვასაც მოვითხოვთ, რომ დავსხდეთ მის მოადგილეებთან ერთად და ზუსტად, დეტალურად შევეხოთ ვიდეოჩანაწერებსა და იმ ფორმატს, რომლითაც ხორციელდება საქმის მასალების გაცნობა“, - ამის შესახებ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ საქმეზე გამოძიების პროცესში შესაძლოა, FBI-ს სპეციალისტები ჩაერთონ. 4 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მზადაა, ფედერალურ საგამოძიებო ბიუროსთან ითანამშრომლოს.