ერთხელ ქალბატონმა მედეამ და ეროსი მანჯგალაძემ სცენაზე დაუვიწყარი დუეტი შექმნეს. ამ ამბავს მედეა ჩახავა ხშირად ყვებოდა.
“ეროსი მანჯგალაძეს ყოველთვის ერთი სული ჰქონდა, ჩემთვის რაიმე ემაკვარანცხა. ამ მიზეზის გამო სულ დაძაბული ვთამაშობდი, ყოველ წუთს ველოდი რაღაც “სიურპრიზს”. ერთ დღეს “პეპოს” ვთამაშობდით. პირველი მოქმედება “მშვიდობიანად” დასრულდა, მეორე მოქმედებაში მე – ფეფელამ, ასეთი ფრაზა უნდა ვუთხრა ქმარს, არტაშას:
- არტაშაჯან, წადი... წადი! – და ეროსი უნდა გავიდეს სცენიდან.
არ მიდის.
- წადი, არტაშაჯან! – გავუმეორე.
არ მიდის, არც აპირებს... გავოგნდი.
- წადი!!! – მოვუმატე ხმას.
- ჰავ, ჰავ! – დაიძახა მოულოდნელად. გავშრი...
- ჰავ, ჰავ! – ყეფს ეროსი, ამას გაუძლებდა ადამიანი, მაგრამ მძიმე ნაბიჯებით არ დაიძრა ჩემსკენ ეს აყეფებული არტაშა? რაღა ვქნა, რაღაცა თუ არ მოვიფიქრე, ვიღუპებით. ჯერ მაყურებელი ვერაფერს ხვდება. სხვა გზა არ იყო და – მიაუ, ფხხ! – დავიკნავლე კატასავით. გამხიარულდა და როგორ... ყეფს და ყეფს, “მიაუ, მიაუ.. “. – ვპასუხობ, დასცხეს ტაში დარბაზში, ეგონათ, ასეა საჭიროო...
ასე ჩავათავეთ ის ეპიზოდი. კურიოზი კი ის იყო, რომ რეჟისორმა ეს სცენა მოიწონა და სპექტაკლში შეიტანა”.