იპოლიტეს „დიეტა“

იპოლიტეს „დიეტა“

ბატონი იპოლიტე ექსპრომტად იგონებდა ლექსებს. ორ-სამ სტრიქონიანი ლექსებით ლაპარაკი და ქილიკი უყვარდა.

როცა ერთხელ ავად გახდა, დიეტა დაუნიშნეს. ეს არ მოეწონა და ცოლს ასეთი ლექსი გაუგზავნა: “სახლში საჭმელი გვეყაროს, ვერ ჭამდე ცოლის შიშითა, ვისაც ასეთი ცოლი ჰყავს, ჩემიც... და სხვისიცა”.

მის გარშემო სულ სიცილ-ხარხარი ისმოდა. ის ამასთანავე კურიოზული პიროვნებაც გახლდათ. კინოფილმ “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი” გადაღების დროს ასეთი რამ შეემთხვა: ითამაშა იპოლიტემ პირველი დუბლი, მეორეც, მაგრამ რეჟისორს არ მოსწონდა, უფრო მეტს ითხოვდა. იქამდე არ მოეშვა, სანამ სინამდვილეში არ მოხვდა იპოლიტეს თავში აგური. რკინის ჩაფხუტი ეხურა, მაგრამ აგურმა წონასწორობა მაინც დააკარგვინა, ბარბაცი დაიწყო. კამერისაკენ ერთი გაიხედა და წაიქცა.

“კარგია, მალადეც, იპოლიტე!” – იძახდა რეჟისორი. გვიან დაინახეს, რომ კაცი გონზე არ იყო. იპოლიტე მოასულიერეს და ისე მოეწონათ დუბლი, რომ ასევე დატოვეს.

გადაღებებზე შვილთან, შვილიშვილებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან ერთად დადიოდა. ოც კაცამდე ყოველთვის თან ახლდა.

ავთანდილ ხვიჩია, იპოლიტეს შვილიშვილი ერთ შემთხვევას იგონებდა:

“ბაბუა და ბებია ხშირად მოდიოდნენ ჩემთან აკადემიაში სწავლის დროს. ერთხელ იპოლიტემ აუდიტორიის კარი შემოაღო და დაინახა ქანდაკებასავით გაშეშებული მენატურე ქალი. უყურა და როცა დარწმუნდა, რომ ეს ქალი ცოცხალი იყო, თავზე ხელი შემოირტყა და ბებიას უთხრა: “მოდი აქ, ნახე, რატომ დადის შენი შვილიშვილი გამოშტერებული!” ისეთი ამბავი ატყდა, რომ ლექციები ჩაიშალა.”