რუსი ჯაშუშებით ჰოლივუდიც დაინტერესდა

რუსი ჯაშუშებით ჰოლივუდიც დაინტერესდა

რუს ჯაშუშებთან დაკავშირებულმა სკანდალებმა, ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა გვარიანად შეაშფოთა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის კონტრ–დაზვერვამ რუს ჯაშუშებს ნამდვილი ბრძოლა გამოუცხადა, ქვეყნის პოლიტიკურთან ერთად, სახელოვნებო ელიტაც დაზაფრულია. ჰოლივუდის პროდიუსერებმა გადაწყვიტეს, რომ მოსახლეობის ეს განწყობილება სათავისოდ გამოიყენონ და დაიწყეს ახალი სერიალის შექმნაზე ფიქრი, რომელიც რუსი აგენტების ამერიკაში საქმიანობას შეეხება.

 

უკვე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ს ტელეარხ CBS-ის ეთერში მომდევნო სეზონიდან ზაფხულში გამოაშკარავებულ რუს ჯაშუშებზე გადაღებული სერიალი გავა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოლივუდური გამოცემა  – Variety ავრცელებს.
აღნიშნული გაზეთის ცნობით, ტელეპროექტის საპილოტე ვერსია უკვე მზადაა.

 

ჯერ კიდევ სასცენო ექსპერმენტების ქვეშ მყოფ სერიალში გადმოცემული იქნება, თუ როგორ მოახერხეს რუსმა ჯაშუშებმა კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება ამერიკელებთან და ამის პარალელურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვება.

Variety-ს ვარაუდით, გახმაურებული სკანდალის გათვალისწინებით, სერიალი აუცილებლად რეიტინგული იქნება. ამჟამინდელი სტატისტიკით, CBS აშშ-ში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეარხად ითვლება და პროდიუსერების გათვლებით, აღნიშნულ სერიალს ამერიკის მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა უნდა უყუროს. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებები ჯერ არ დაწყებულა, ახალი სერილისადმი ინტერესი უკვე გამოთქვა რამდენიმე ევროპულმა ტელეკომპანიამ. არ არის გამორიცხული, რომ ევროპელებმა სერიალის თარგმნისა და გავრცელების უფლება, ფილმის ტელეკრანებზე გამოჩენამდე მოასწრონ.