„სირცხვილია ხალხნო, ნუ იგონებთ ამდენ ტყუილს!“ - რას ამბობს მესტიაში ვირუსით პირველი ინფიცირებული ოჯახის წევრი

„სირცხვილია ხალხნო, ნუ იგონებთ ამდენ ტყუილს!“ - რას ამბობს მესტიაში ვირუსით პირველი ინფიცირებული ოჯახის წევრი

მესტიაში კორონავირუსით პირველი ინფიცირებული ოჯახის წევრი, თაია არღვლიანი ამბობს, რომ მათ დაამარცხეს ინფექცია და განმეორებითი ტესტი როცა უარყოფითი მოვა საავადმყოფოდან  გაწერენ.

„ოთხი დღეა საბურთალოს ინტენსიურ ბოქსირებულ პალატაში ვართ და უბრალოდ ველოდებით როდის დაგვტოვებს ვირუსი. თავდაპირველი სიმპტომების მიუხედავად ეჭვიც კი არ მქონია, რომ მე კოვიდ-19-ით ინფიცირებული ვიყავი. თბილისიდან უსიმპტომოდ ჩამოვედი. თბილისში კი ვისთანაც შეხება მქონია, ყველას პასუხი უარყოფითია. ასევე ბავშვები მთელი დღე ვისთან ერთადაც თამაშობდნენ და საერთოდ, ყველა თბილისის ჩვენი კონტაქტი უარყოფითია", - აცხადებს არღვლიანი.

მისი თქმით, ოჯახის მისამართით უსამართლო კრიტიკა და ტალახის სროლა დაიწყეს, თუმცა ამბობს, რომ ვირუსისგან დაზღვეული არავინ არის.

„გული მწყდება, რომ ჩვენი მისამართით ძალიან ბევრი ტალახი ისროლეს, გეგონება მე ჩინეთში წავედი, ვიყიდე ვირუსი და ჩამოვიტანე. ადამიანს გარეგნულად არ ეტყობა, რომ ვირუსის მატარებელია და როგორ უნდა მიხვდე?! დარწმუნებული ვარ, ბევრმა გადაიტანა უკვე, როგორც მე გადავიტანე და გადაიტანს კიდეც. აქ საგანგაშო და ამდენი სალაპარაკო არაფერია.

ჩემი ოჯახის მდგომარეობას კი კიდევ ხალხის მიერ აგორებული ჭორები ემატება. სირცხვილია ხალხნო, ნუ იგონებთ ამდენ ტყუილს! არავინ იცის ხვალ და ზეგ ვინ რა სიტუაციაში მოხვდებით…

ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ“, – აცხადებს ინფიცირებული „სვანეთინიუსთან“ საუბრისას.