მირიან ნიკოლაძე: არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურის მიერ დასახელებული ხუთი პირის მიერ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტს ადასტურებს

მირიან ნიკოლაძე: არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც პროკურატურის მიერ დასახელებული ხუთი პირის მიერ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტს ადასტურებს

პროკურატურის გადასაწყვეტია, მოგცემს თუ არა საქმის მასალების გაცნობის საშუალებას, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ.

„ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ალბათ, ამ დღეებში, დღეს-ხვალ გაირკვევა და გვეცოდინება ზუსტი პასუხი.

რაც შეეხება გაუთქმელობას, ბუნებრივია, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია და სათანადო მიზეზებიც ექნებოდა გაუთქმელობაზე გაფრთხილებას.

გაუთქმელობის ზოგადი არსია, რომ შემდგომში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებები იყოს დაცული, მოწმეები წინასწარ არ შეთანხმდნენ და იცოდნენ ზოგადი სქემები, დაკითხვის შინაარსი და ა.შ. ამით გამოძიება თავს მაქსიმალურად იცავს, რომ წავიდეს ობიექტურ რეჟიმში. იმ ხუთ ადამიანზე, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს, ოჯახს ძირითადი კითხვები უკვე აღარ აქვს გამოძიებასთან. ამით ჩვენი სტრატეგიული მიმართულება უკვე დაკმაყოფილებული და შევსებულია.

ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, არის, რომ ჩვენ საქმის მასალებს თავიდან გავივლით, მოდუნებული იყო ჩვენი ყურადღება უმნიშვნელო საკითხებზე და გადართული ვიყავით განზრახ მკვლელობის ეპიზოდზე. ამიტომ, თუ აღმოჩნდნენ იქ გარკვეული პირები, გარკვეული მოვლენები, რომელიც ჩვენ თვალთახედვით დამატებით სამართლებრივ შეფასებას მოითხოვს, აუცილებლად ამ საკითხსაც დავაყენებთ გამოძიების წინაშე.

მიმაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნული ხუთი პირის მიერ განზრახ მკვლელობის ფაქტს. ასევე, შემიძლია, გითხრათ, რომ მაღალი სტანდარტი, რომელიც კანონმდებლობითაა დადგენილი, მოცემულ შემთხვევაში მიღწეულია. თუმცა, საბოლოო ჯამში, სასამართლოს გადასაწყვეტია, როგორ შეაფასებს“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა, საქმის სხვა ფიგურანტები გამოჩნდნენ.

„ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, ვერაფერს გამოვრიცხავ. შევისწავლით თავიდან საქმის მასალებს და თუ აღმოჩნდა, რომ ვინმეს მიმართ სამართლებრივი მსჯელობა უნდა იყოს, ჩვენ ამ საკითხს გამოძიებასთან აუცილებლად დავაყენებთ. ოჯახის მოთხოვნა რაც იყო, დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ, რაც იქნება, იმას შეგატყობინებთ“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.