IRI საქართველოში ჩატარებული ახალი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ქვეყნის მასშტაბით 1 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა 4 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საველე სამუშაოები Institute of Polling and Marketing-მა ჩაატარა.
კვლევის ნაწილი პანდემიას ეთმობა. გამოკითხულთა 79% მთავრობის პანდემიაზე რეაგირებას დადებითად აფასებს (41% „ძალიან კმაყოფილია“, 38% „ასე თუ ისე კმაყოფილი“). რაც შეეხება ინსტიტუტებს, მოქალაქეთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ COVID-19-თან ბრძოლაში ეფექტიანად მუშაობს დაავადებათა კონტროლის ცენტრი (94%), ჯანდაცვის სამინისტრო (91%) და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია (81%).
კითხვაზე რამდენად კმაყოფილი ხართ მთავრობის ძალისხმევა COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ძალიან კმაყოფილი - 19%, ასე თუ ისე კმაყოფილებელი - 37%, გარკვეულწილად უკმაყოფილ0- 24%, ძალიან უკამყოფილო - 18%, არ ვიცი - 3%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.