კომპანია Xiaomi-მ გამჭვირვალე პანელის მქონე ტელევიზორი წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა GizChina წერს.
ტელევიზორ Mi TV Lux Transparent Edition-ს ნახევრად გამჭვირვალე OLED-პანელი აქვს, რომლის დიაგონალიც 139 სანტიმეტრია. ეკრანზე გამოსახულების გამოყვანისას მომხმარებელს შეუძლია დაინახოს ის, რაც ტელევიზორის უკან მდებარეობს. ეკრანის განახლების სიჩქარე 120 ჰერცია, ფერის სიღრმე - 10 ბიტი. Xiaomi-ს განცხადებით, ტელევიზორი Media Tek 9650-ის ჩიპზე მუშაობს. კორპუსის სისქე 5,7 მილიმეტრია.
გამოცემის ცნობით, Mi TV Lux Transparent Edition არის გამჭვირვალე პანელის მქონე პირველი ტელევიზორი, რომელიც სერიულ წარმოებაში იქნება. პირველი მსგავსი ტელევიზორი Samsung-მა 2016 წელს წარადგინა, შემდეგ მსგავსი მოწყობილობა LG-მაც შექმნა.
Mi TV Lux Transparent Edition-ის ღირებულება 49 999 იუანია (7200 დოლარი). მისი გაყიდვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.