მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 7-ის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 12 პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერია, 1 პაციენტის წყარო გაჩიანია, 1 კი იმპორტირებული შემთხვევაა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, დღეს კოვიდცენტრებში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 203 პაციენტი მკურნალობას, საიდანაც 7 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 16 პაციენტის მგომარეობა კი მძიმეა.

„დღეს ქვეყანაში არის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა და სულ გვაქვს 1278 შემთხვევა. 14 ახალი შემთხვევიდან, 1 პაციენტის წყარო არის გაჩიანი, 12 პაციენტის წყარო არის ლენჯერი და 1 პაციენტი არის იმპორტირებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულებიდან მხოლოდ 4 დაგვემატა და გახდა 1058. ამ მონაცემებით 82% არის გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი, ხოლო დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით უკვე 203 პაციენტი მკურნალობს დღეს კოვიდცენტრებში. ამ 203 პაციენტში 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია. გუშინ იყო 8 და ერთი შედარებით დასტაბილურდა და მძიმეთა სიაში გადავიდა. დღევანდელი მონაცემებით მძიმეთა სიაში 16 პაციენტი გვყავს.

რაც შეეხება ჩვენი ცენტრის მონაცემებს, ჩვენ გუშინ გვყავდა 36 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 და დღეს გვყავს 38 დადასტურებული შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია შსს-ს 3 თანამშრომელი. "მათი მდგომარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეინიშნება და მძიმე პაციენტების სიაში არ მოიაზრება არცერთი", - აღნიშნა ეზუგბაიამ.