როგორც წესი, მეგან მარკლია ის, ვისთანაც ინტერვიუს ატარებენ, თუმცა სულ მალე სწორედ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ეს ცნობილი წევრი დაუსვამს კითხვებს სხვებს.
6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლი არასამთავრობო ორგანიზაცია The 19th-ის ონლაინ სამიტს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც ამავე ორგანიზაციის აღმასრულებელი ხელმძღვანელთან, ემილი რემშოუსთან ინტერვიუს გამართავს.
ორგანიზაცია The 19th სულ ახლახანს, 2020 წელს აშშ-ში დაარსდა და მისი მიზანი პოლიტიკაში ქალების როლის გაძლიერება და ზოგადად გენდერული საკითხების მედიაში უფრო კრიტიკული გაშუქებაა.
მეგან მარკლის განცხადებით, ის მოხარულია, რომ ამ მნიშვნელოვან პროექტში იღებს მონაწილეობას:
"ორგანიზაცია The 19th მიზნად ისახავს, რომ იმათი ისტორიები მოუთხროს ყველას, ვინც მედიაში არასათანადოდაა წარმოჩენილი და ეს ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ამიტომაც განსაკუთრებულად ველოდები ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელთან ინტერვიუს, რათა ვკითხო, როგორი უნდა იყოს მედია, რომელიც გენდერულ თანასწორობასა და მრავალფეროვნებას ემყარება".
ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ემილი რემშოუს განცხადებით, მეგან მარკლი თავად დაუკავშირდა მათ და პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა:
"როცა მეგანმა The 19th-ისა და მისი მისიის შესახებ გაიგო, მაშინვე დაგვიკავშირდა. მან გვითხრა, რომ ჩვენი ორგანიზაციის მიზანი — პლატფორმის შექმნა, რომელიც ქალების მრავალფეროვანი გამოცდილების შესახებ ისაუბრებს — მისთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და ახლობელი იყო".
მეგან მარკლის ონლაინ სესია 14 აგვისტოს გაიმართება. ამ ვირტუალურ სამიტზე მასთან ერთად ისეთი ცნობილი სახეები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან მერილ სტრიპი, სტეისი აბრამსი, ჰილარი კლინტონი და სხვა.