თენგიზ ცერცვაძე: „დრო და დრო ასეთი კერები გაჩნდება, ვირუსის მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა“

თენგიზ ცერცვაძე: „დრო და დრო ასეთი კერები გაჩნდება, ვირუსის მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა“

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მესტიაში არსებულ ვითარებას საგანგაშოდ არ მიიჩნევს და აცხადებს, რომ საქართველოში ვირუსის ასეთი კერების გაჩენის ალბათობა მაღალია.

როგორც ცერცვაძე ამბობს, საქართველოში ვირუსის მეორე ტალღა ჯერ არ დაწყებულა.

„დრო და დრო ასეთი კერები საქართველოში გაჩნდება, რადგან ჩვენ თუ არ ჩავთვლით საერთაშორისო მიმოსვლას, სხვა ყველა შეზღუდვა ქვეყნის შიგნით მოხსნილია, სრული მასშტაბით მიმდინარეობს, როგორც შიდა ტურიზმი, ისე ბიზნესი. მე ვერ ვხედავ ამაში საგანგაშოს, ზუსტად ასე იყო გავრცელება ყარაჯალაში და გარდაბნის რაიონში, ეს ინციდენტი ერთ კვირაში ამოიწურა.

ეს არ არის მეორე ტალღა, ეს არის ლოკალური შემთხვევა. რატომ არის ჩვენი ქვეყანა წარმატებული კოვიდთან ბრძოლაში? - როგორც კი გამოჩნდება ასეთი კერა, მყისიერი რეაგირება ხდება. ასე ჩაიკეტა ორი კვირის წინ ყარაჯალა, მანამდე მარნეული, ბოლნისი, თეთრიწყარო და შემდეგ გაიხსნა. როცა ასეთი ჯგუფური შემთხვევა ფიქსირდება, ის უნდა ჩაიკეტოს, რათა მთელი მოსახლეობა გამოიკვლიოს",- განაცხადა ცერცვაძემ.