კორონავირუსთან დაკავშირებით, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მაგრამ სწორედ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ კონტროლი, პერიოდულად ხდება ზომების გამკაცრება რეგიონების მიხედვით. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ არ მოგვიწიოს მთელ ქვეყანაში მკაცრი ზომების მიღება, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„მაგალითად, დღეს გაჩიანთან დაკავშირებით, რამდენიმე სოფელში სადაც იყო კარანტინი გამოცხადებული, პრაქტიკულად ორი კვირის თავზე, შესაძლებელი გახდა, რომ ზომები მოგვეხსნა. ორი-სამი დღით ადრეც შეგვეძლო ეს ზომები შეგვერბილებინა, მოსახლეობა რომ უფრო დამყოლი ყოფილიყო. სწორედ იმ განცდამ, რომ არაფერი არ ხდება, მოსახლეობის ნაწილში გამოიწვია წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება, რომ თუ არაფერი არ ხდება და არსად არაა „კოვიდი“, რატომ უნდა ვიყოთ ჩაკეტილი და რატომ უნდა ჩავატაროთ ტესტირება. ეს შეგრძნებები უნდა დავძლიოთ ჩვენს თავში და დარწმუნებული ვართ, რომ მესტიის მოსახლეობა გამოგვყვება და სრულად ითანამშრომლებს ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სპეციალისტებთან, რომ მალე დავამარცხოთ მცირე ლოკალური აფეთქება“, - განაცხადა სუბარმა.