დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში იფუნქციონირებს მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვები დაწესებულებები, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა. მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება. შესვლა-გასვლას კი პოლიცია გააკონტროლებს. გარდა ამისა, „კოვიდ 19“-ის ვირუსის ფართო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი უწყებები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო სივრცეში განთავსებას უზრუნველყოფენ. ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, გაივლის სავალდებულო კარანტინს, ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას უზრუნველყოფს და უწყებების კოორდინებულ ქმედებებს“, - აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.
უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა მესტიასა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში, დამატებითი შეზღუდვები წესდება. დეტალებს გაეცანით აქ.
დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში დადასტურდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 010-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.