„ეტყობა ეს გოგონა ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ჯაჭვისებურად მიდიოდა ყველა სისტემასთან“

„ეტყობა ეს გოგონა ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ჯაჭვისებურად მიდიოდა ყველა სისტემასთან“

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის მობილური ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გარდაცვლილის მამას იმედი აქვს, რომ გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს კონტროლზე აიყვანს და ოჯახს დაეხმარება.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისთვის უცნობი იყო, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონის ექსპერტიზა არა 8 აგვისტოს, არამედ 24 ივლისს დაიწყო. რამიშვილის განცხადებით, ფაქტი, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს, ბევრ კითხვას ბადებს. მისი თქმით, მობილური ტელეფონის ექსპერტიზა ნაწილობრივ უკვე დასრულებულია.

„ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა მომხდარიყო გახსნა, მაინც გახსნილა და ჩატარებულა ექსპერტიზა, შუალედური პროცედურები ყველაფერი განხორციელებულა და დღეს კლონირება დასრულებულია. 99 გიგაბაიტია მობილური ტელეფონის ინფორმაცია და პროტესტის ნიშნად, იმ მონაცემებს აღარ გავეცანი, მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია, მთელი დასკვნა გადაეცეს შსს–ს. ხელმეორედ, ბოლომდე დავალუქინეთ აღნიშნული ტელეფონი. ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას. ახლა ხდება ამ ყველაფრის დეტალურად გაშიფვრა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა, რომელმაც ისევ მიმართა პროკურორსა და ექსპერტებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს მაინც არ შეეხონ და არ მოხდეს მის გარეშე ავტომობილზე ლუქის ახსნა.

გარდა ამისა, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო–ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებ-გვერდებზე შესვლის ისტორია.

დასკვნის მიხედვით, კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%–იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%–იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი. ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც ირკვევა ბაჩალიაშვილს რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა, დაახლოებით 4 500 ლარამდე. 23 წლის პროგრამისტმა მათ კომპანიაში მუშაობა 2017 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი სტაჟირებით დაიწყო, რის შემდეგაც ის უკვე კომპანიის რიგითი თანამშრომელი გახდა. ბაჩალიაშვილი კომანია ZAG–ში მუშაობის განმავლობაში, საფრაგნეთში სასწავლებლად ორჯერ წავიდა. ბაჩალიაშვილმა სამსახურიდან წასვლა 2020 წლის ივლისში გადაწყვიტა და ეს გადაწყვეტილება სწავლის გაგრძელების სურვილის გამო მიიღო.

23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა, მათ შორის ე.წ. შეყვარებულის, ბაჩანა ლობჟანიძის შემოსვლა, რომელიც ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი მისი შეყვარებული იყო. ლობჟანიძე შემოსვლა საკმაოდ ხმაურიანი იყო იმ კუთხით, რომ პირველი აღიარება დაიდო კომპანიის ხელმძღვანელობისგან, კერძოდ ის, რომ კომპანია ახორციელებდა და გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფას უკეთებდა პორნოსაიტებს. თუმცა, აქვე ამბობენ, რომ პორნოინდუსტრიასთან შეხება არ ჰქონდათ, რაც სპეციალისტების შეფასებით, წარმოუდგენელია.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი დავით კუხალაშვილი არ გამორიცხავს საქმეში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კვალს, თუმცა გადაჭრით ამაზე ვერ საუბრობს. მისი თქმით, თუ ეს არის თვითმკვლელობამდე მიყვანა, ან თვითმკვლეობა, ერთ–ერთ ვერსიად შეიძლება განხილული იყოს ამ პროცესში სპეცსამსახურების მონაწილეობა.

ასევე, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე მნიშვნელოვან ინფორმაციებს ფლობდეს. მისი თქმით, სავარაუდოდ, ის კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სახელმწიფოს.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ლობჟანიძეს პერსონა და ფუნქცია ნათელია, რაც ძიების პროცესში გამოჩნდება. ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს საქმეში სპეცსამსახურების კვალს.

„საერთოდ არაფერს არ გამოვრიცხავ. ყველა ვერსიას ვუშვებ. ეტყობა ეს გოგონა ფლობდა ისეთ ინფორმაციას, რომელიც ჯაჭვისებურად მიდიოდა ყველა სისტემასთან, იწყება პატარა რგოლით და ადის მაღალ რგოლებამდე. ეს შეიძლება სპეცსასამხურებსაც უკავშირდებოდეს, ერთი დიდი წრე არის. არც იმას არ გამოვრციხავ, რომ ამ საქმეს არ ჰქონდეს სამართლიანი დასასარული, გააჩნია როგორი იქნება პოლიტიკური ნება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას მიხეილ რამიშვილი.

ადვოკატი for.ge–სთან საუბრისას გამორიცხავს, რომ გარდაცვლილი პროგრამისტის წინააღმდეგ რაიმეს სახის კომპრომატის არსებობას, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაემთავრებინა.

„სპეცსამსახურებთან რა ურთიერთობა უნდა ჰქონდა 23 წლის გოგოს, ან მისი პირიდი ცხოვრების შესახებ რა უნდა ჰქონოდათ? რაც შეეხება ფოტო–მასალას, რომელიც მის კომპიუტერში იყო აღმოჩენილი, არაფერი განსაკუთრებული არ არის. სისტემური ფოტოებია, მათ შორის ყვავილების, რეკლამის ფოტოები და ა.შ. არაფერი ისეთი ფოტო არ არის“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

სპეცსამსახურების ჩართულობაზე გადაჭრით საუბარი უჭირს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს, ვახტანგ მაისაიას, რომლის განცხადებით, ყველა ვერსია უნდა განვიხილოთ, თუმცა მნიშვნელოვანია რას იტყვის გამოძიება.

„ამ ეტაპზე რაიმეს თქმა რთულია. ყველა ვერსია დასაშვებია, მათ შორის სპეცსამსახურების კვალი, თვითმკვლელობა. გაურკვეველია იმ ორგანიზაციის მუშაობის მიზანი, სადაც ეს გოგო მუშაობდა. ინფორმაცია იმდენად მწირია, რომ რაიმე ტიპის ინფორმაციაზე ყურადღების გამახვილება იქნება სპეკულაცია. კითხვები გაცილებით ბევრია, ვიდრე მაგალითად, შაქარაშვილის შემთხვევაში.

არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. შეიძლება შენ გქონდეს შენი სამუშაო ჰიპოტეზა, მაგრამ ამას სჭირდება გარკვეული ინფორმაციები, რომ გაგიმყარდეს შენი ვერსია. ნებისმიერი კრიმინალური გარჩევის შემთხვევაში შეიძლება უფრო თამამი იყო შეფასებაში, მაგრამ როცა ასეთი სპეციფიკური ტიპის დანაშაულია, აქ უკვე საფრთხილოა ყველა ვერსია, რომ გამოძიება არ დააყენო არასწორ გზაზე. ეს საქმე არის ბურუსით მოცული და ამიტომ, ყველა ვერსიის გამოთქმისას უნდა იყო ფრთხილი“, – ამბობს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, როდესაც არ გაქვს წვდომა კონკრეტულ ინფორმაციასთან, დაუშვებელია ვარაუდის გამოთქმა. მისი თქმით, როდესაც გამოძიება დადებს დასკვნას, გაიმართემა სასამართლო, ამ მონაცემთა ერთობლიობიდან, წესით, ნორმალურმა ადამიანმა, შეიძლება გააკეთოს დასკვნა. ანალიტიკოსის შეფასებით, ფრაგმენტულად, რომელიმე ერთი საინფორმაციო ნაწილის აღება და შემდეგ ამაზე თეორიის აგება, რასაც ჟურნალისტები აკეთებენ იმ ინტერესით, რომ აურ–დაურიონ სიტუაცია და შექმნან სურათი, თითქოს ამ ტრაგედიაში მონაწილეობდა ხელისუფლება, არის უპასუხისმგებლობა.

„ერთი მხრივ, ეს არის არაკეთილსინდისიერება, გარყვნილება და მეორე მხრივ, ეს არის მიზეზი იმ შიზოფრენიული განწყობილებებისა, რომელიც დამკვიდრდა ჩვენს ხალხში. ანუ, მხედველობაში მაქვს ის ტელეგამოძიებები, რომელზეც არავინ პასუხს არ აგებს. ავიღოთ, იგივე შაქარაშვილის ტრაგედია, რომელზეც ღია ეთერში ისეთი ვერსები წარმოითქვა, რომ ვერც ერთი კონსპიროლოგი ვერ წარმოიდგენდა.

ახლა, როცა ნათელი გახდა, რა მოხდა, არ რცხვენიათ, რომ ბოდიში მოიხადონ. ესენი არიან სრულიად უპასუხისმგებლო ადამიანები. ეს არის საინფორმაციო კანალიზაცია, ადამიანი კანალიზაციები, რომლებიც მთელს ქვეყანაში აფრქვევენ სიმყრალეს და ააქოთეს საქართველო, ეს უნდა დამთავრდეს! არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეს მედიამგლები მიუშვა საინფორმაციო საჩიხეში.

გინახავთ, რომ მგელი თავის თავს ირეგულირებდეს? სწორედ ასე ვერ არეგულირებენ ეს საინფორმაციო მგლები და მაქსიმალურად ცდილობენ მოწამლონ ატმოსფერო. ასეთია მათი ბუნება, დაწყებული გვარამიათი, დამთავრებული მელაძით. ტრენდია ჩამოყალიბებული. ავადმყოფურად არიან განწყობილი იმისათვის, რომ საინფორმაციო შხამი აფრქვიონ, ესენი არიან ინფორმაციული ბარიგები, რომლებმაც თავიანთი მომხმარებელი შესვევს საინფორმაციო შხამზე და ისინიც გაფაციცებით ელოდებიან საინფორმაციო ნარკოტიკის ახალ დოზას“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.