ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი მიზანი და ჟინი, რომელიც სააკაშვილს ამოძრავებს - ძალაუფლებაა, რომელსაც ვერ ივიწყებს

ირაკლი ღარიბაშვილი: ერთადერთი მიზანი და ჟინი, რომელიც სააკაშვილს ამოძრავებს - ძალაუფლებაა, რომელსაც ვერ ივიწყებს

ერთადერთი მიზანი და ჟინი, რომელიც სააკაშვილს ამოძრავებს - ძალაუფლებაა. ძალაუფლება, რომელსაც ვერ ივიწყებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ახმეტაში გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილმა გიორგი ანწუხელიძის გმირობა გაიხსენა და განაცხადა, რომ მისი გმირობის საპირისპიროდ აგვისტოს ომის დღეებში ქართველმა ხალხმა მაშინდელი პრეზიდენტისა და მთავარსარდლის სააკაშვილის სიმხდალე იხილა.

„ჩვენ აქ ვიმყოფებით, ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტში. დიდება მის სახელსა და ხსოვნას! იმ დროს, როდესაც გიორგის მსგავსად გმირები იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი, ყოფილი პრეზიდენტის, იმ დროს მთავარსარდლის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს. ეს არ არის ჩვენი - ქართველი კაცის გულსა და სულშია სულ სხვა ბრძოლის მუხტი. სხვა სულია! ჩვენ ვიხილეთ დიდი ტრაგედია. საერთოეროვნული სირცხვილი - მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, რომელიც დღესაც უნამუსოდ და უსირცხვილოდ აცხადებს პრეტენზიას. მას ერთადერთი მიზანი და ჟინი ამოძრავებს - ძალაუფლება. ძალაუფლება, რომელსაც ვერ ივიწყებს. ვერც ის და ვერც მისი კორუმპირებული გუნდი, რომელმაც ქვეყანას ამდენი უბედურება მოუტანა“, - დასძინა ღარიბაშვილმა.

პოლიტიკური გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, დღეს კახეთში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები ესწრებოდნენ.