რა კავშირშია 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალება პორნოინდუსტრიასთან?

რა კავშირშია 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალება პორნოინდუსტრიასთან?

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ს თხოვნით მიმართავს, რომ უწყების ვებ-გვერდზე არ მოხდეს იმდაგვარი განცახდებების დადება, რაც ეჭვებს იწვევს, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი. როგორც ცნობილია, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში არ ფიგურირებენ არასრულწლოვნები, საქმეს არ ადევს გრიფი, რის გამოც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შსს-მ გამოძიების შუალედური ინფორმაცია ორჯერ გაასაჯაროვა, მათ შორის, გარდაცვლილის ლეპტოპსა და ავტომობილიდან ამოღებულ წერილზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კომპანია „ზეგის“ თანამშრომლების სახლებშიც ჩატარდა. კომპანიის იურისტის ქეთი მირიანაშვილის განცხადებით, კომპანიის თანამშრომლების სახლებში ჩხრეკის ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან მათ საგამოძიებო უწყებას ყველა ინფორმაცია მიაწოდეს. იურისტი დაინტერესდა, ჩატარდა თუ არა ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

„კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს ყველანაირი ინფორმაცია მიწოდებული აქვთ. რა უნდათ კიდევ, ნამდვილად არ ვიცი. ამასთანავე, მებადება კითხვა, ბაჩანა ლობჟანიძის მითითებებით, მისი მინიშნებებით თუ აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ. ასევე, საინტერესოა და კითხვა მაქვს საგამოძიებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა და იქ მიმდინარეობს თუ არა შესაბამისი გამოძიებები. დღეს დაიწყო თანამშრომლების პირადი სახლის ჩხრეკა. მე, როგორც ადვოკატი ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. ეს საქმესთან არანაირ კავშირში არ არის. რა კავშირში შეიძლება იყოს პირადი სახლის ჩხრეკა და რა ინფორმაციას ეძებენ, ან რა სურთ, ვერ გეტყვით“, - აცხადებს ქეთი მირიანაშვილი.

კომპანია „ZAG“-ის დირექტორის, თამარ კობერიძის განცხადებით, გარდაცვლილს ჩვეულებრივი რიგითი პროგრამისტის ხელფასი ჰქონდა, დაახლოებით 4 500 ლარამდე. მისივე განცხადებით, კომპანიას შეხება ჰქონდა პორნოგრაფიულ საიტების პროგრამულად უზრუნველვყოფასთან და არანაირი შეხება პორნო ინდუსტრიასთან არა ქონია, კომპანიის საქმიანობა ლეგალურია.

„ჩვენ ვაკეთებთ პროგრამულ უზრუნველყოფას და არანაირი შეხება პორნო ინდუსტრიასთან შ.პ.ს ZAG-ს არ აქვს. ჩვენი საქმიანობა, საქართველოშიც და ამერიკაშიც ყველანაირად ლეგალურია, ამერიკაში არის ამერიკულად დადასტურებული და შემოწმებული“, – განაცხადა თამარ კობერიძემ.

არაოფიციალური ინფორმაციით, კომპანია ZAG-ის თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ პორნოსაიტებს ემსახურებოდნენ. შეგახსენებთ, ბაჩალიაშვილის საქმეში პორნოინდუსტრიის შესაძლო კავშირი პირველად ბაჩანა ლობჟანიძემ ახსენა, რომელიც ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო. ლობჟანიძე არ გამორიცხავს, რომ კომპანია ZAG, სადაც 23 წლის პროგრამისტი მუშაობდა, პორნოინდუსტრიასთანაა დაკავშირებული. კომპანია, რომ პორნოსაიტებს ემსახურებოდა, ამ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დაზუსტებით არ იცის, რას აკეთებდა 23 წლის პროგრამისტი თავის სამსახურში.

რა კავშირშია 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალება პორნოინდუსტრიასთან და იკვეთება თუ არა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების კვალი, ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტს დავით კუხალაშვილს ესაუბრა.

საქართველოს ტერიტორია, რომ მოწყვლადია სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის და ეს ფაქტია, მაგრამ 23 წლის პროგრამისტის გარდაცვალების საქმეში იკვეთება სპეცსამსახურების კვალი?

დავით კუხალაშვილი: ამის თქმა უშალოდ საქმის გამომძიებელსაც გაუჭირდება. თუმცა, თუ ეს არის თვითმკვლელობამდე მიყვანა, ან თვითმკვლეობა, ერთ-ერთ ვერსიად შეიძლება განხილული იყოს ამ პროცესში სპეცსამსახურების მონაწილეობა. რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც გუშინ გავრცელდა კომპანიაზე, რომელიც ყველა ინტერვიუში მალავდა იმ ფაქტს, რომ მათ გარკვეული შემხებლობა ჰქონდათ პორნოსაინტებთან, მხოლოდ გუშინ დაადასტურეს ინფორმაცია პორნოსაიტების პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ პორნოიდუსტრია, ისევე როგორც ნარკოინდუსტრია და იარაღის უკანონო ინდუსტრია, თითქმის იდენტურია. იქ შესვლა არ არის მარტივი, თუმცა შეიძლება მარტივად მოხვდე, მაგრამ გამოსვლა პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ერთ რამეზეა ყურადღება გასამახვილებელი, ნარკოინდუსტრიას, პორნოიდუსტრიას და იარაღის უკანონო ვაჭრობის ინდუსტრიას სადაზვერვო სამსახურები აწყობენ, მონაწილეობენ და ვითარებას მართავენ იმისათვის, რომ არსებობდეს ე.წ. შავი ფული, სადაც რეალურად არ გამოჩნდება უცხო ქვეყნის სადაზვრევო სამსახურების კვალი.

რას გულისხმობთ?

- ნებისმიერი სპეცსამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ნებისმიერი გახარჯული თანხა უნდა იყოს ასახული და ნებისმიერ დროს შეიძლება მასზე წვდომა განახორციელონ კონკრეტულმა პირებმა. ამ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სპეცსამსახურების ძირითადი მოქმედების მიმართულება გახლავთ ის, რომ შესაძლებელია მუშაობდნენ ტერორისტულ აქტზე, ლიკვიდაციაზე და ა.შ. ამისათვის მათ სჭირდებათ შავი ფული, რადგან ვერასოდეს ვერ გაწერენ ოფიციალურად ბიუჯეტში. ამიტომ, თუ ამ პრინციპით განვახორციელებთ ერთმანეთთან გარკვეულ კავშირს, შესალებელია, რომ გარკვეულიწილად, რომელიმე სახელმწიფოს სადაზვერვო სამსახურების მხრიდან იკვეთებოდეს კონკრეტული ზეგავლენის ნიშანი.

გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე გააკეთა განცხადება აშშ-ის საელჩომაც. ეს დაინტერესება ამყარებს ვერსიას, რომ ამ საქმეში ნამდვილად არის სპეცსასამხურების კვალი?

- არა. აქ ორი მომენტია. პოლიტიკურმა და არასამთავრობო სპექტრმა, მათ შორის ფინანსურმა წრეებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საბოლო ჯამში მიღწეული ყოფილიყო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უნდობლობა ჩვენი საგამოძიებო სამსახურების მისამართით. თუ დააკვირდებით, ძირითადი აქცენტები და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კეთდება ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე. აქ ორი მომენტია, ერთი, რომ უნდობლობის თემა წამოვიდა და მეორე, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსაც აწყობს ამ ჯგუფის მოწვევა და გარკვეულ პროცესებში ჩართვა. თუმცა გავიხსენოთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალების ფაქტი, მაშინაც ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსული და ძალიან დიდი ეფექტებზე ვერ ისაუბრეს.

მე მაქვს გარკვეული ინფორმაცია ჩვენს ექსპერტებზე და მინდა გითხრათ, რომ როგორც ტექნოლოგიურად, ისე ინტელექტუალურადაც, მათ აქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობები. ასე რომ, მთავარია, დაიძლიოს ეს უნდობლობა და თუ უნდობლობა დაიძლევა, ვფიქრობ, რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აქ კეთდება, კარგია. განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება დაგვჭირდეს გამოძიების ფედერალური ბიურო. ამ ეტაპზე, მთლიანი ექსპერტიზები არ არის ჩატარებული. აუცილებლია დაველოდოთ ავტომანქანის ექსპერტიზას, ვფიქრობ, რომ დაიდება მნიშვნელოვანი მონაცემები, ამის შემდეგ შეიძლება მსჯელობა.

გადაცვლილის პირადი კომპიუტერიდან ამოღებული იქნა საკმაოდ დიდი რაოდენობით ფოტო და ვიდეო მასალა. კითხვის ნიშანი გაჩნდა ფოტოების რაოდენობიდან გამომდინარე, სპეციალისტები ამბობენ, რომ გამოსაკვლევია ფოტო და ვიდეო მასალის შინაარსი. ადვოკატი ამბობს, რომ ეს ფოტომასალა გამოძიებისთვს მნიშვნელოვანი არ არის. როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანიას შემხებლობა ჰქონდა პორნოსაიტებთან, ვიცით გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე - ბავშვთა პოროგრაფიასთან დაკავშირებით, დაკავებული არიან საქართველოს, ამერიკის და ავსტრალიის მოქალაქეები... შესაძლებელია ბაჩალიაშვილის გაუჩინარება და შემდეგ გარდაცვალება კავშირში იყოს სწორედ ამ გახმაურებულ საქმესთან?

- ამ ფოტო და ვიდეო მასალას, შეილება ჩვენთვის მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ მე, ვფიქრობ, რომ გამოძიებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ინტერნეტი შეიქმნა იმ მიზნებისათვის, რომ განხორციელებულიყო აქტიური სადაზვერვო საქმიანობა. აქიდან გამომდინარე, ფოტოებს, ვიდეოებს, ლაიქებს, გაზიარებებს და მიმოწერას სპეცსამსახურებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მათ შეიძლება ინფორმაცია მიიღონ როგორც ფსიქოლოგიური პორტრეტის შესახებ, ასევე შეიძლება მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიმოწერის კუთხით. კერძოდ, რა სახის მიმოწერა აქვს, რა სახის კონტაქტებია და ვისთან. ამიტომ, მე არაფრის გამორიცხვა არ შემიძლია. რაც არ უნდა წაშალონ, ან დაამატონ, მაღალი დონის ექსპერტიზის ჩატარების დროს, ყოველთვის არსებობს იმისი შესაძლებლობა, რომ ზუსტად თარიღების მიხედვით დადგინდეს აბსოლუტურად ყველაფერი.

მათ შორის განსაკუთრებულად შენიღბული მიმოწერითი ფაილები, რომელიც გარკვეული არხებით იგზავნება. მაღალი დონის ექსპერტიზის შემთხვევაში ამის გარკვევაც შეიძლება. პრაქტიკულად, როდესაც არსებობს პირობითად დანაშაულის იარაღი, ანუ კომპიუტერი, მის განადგურებამდე შესაძლებელია დადგინდეს და დაზუსტდეს ყველაფერი. ამ შემთხვევაში გამოძიებას აქვს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იარაღი, რომელიც შეიძლება საბოლოო ჯამში დანაშაულს უკავშირდებოდეს, ამიტომ ამ შემთხვევაში, ვფქრობ, რომ მთავარია, ჩატარდეს მაღალი დონის ექსპერტიზა. რას გვიჩვენებს ექსპერტიზა, ეს უკვე სხვა საკითხია. ყოველ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს ყველა ის ვერსია, რაზედაც მე ვსაუბრობ.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, მე, ასე ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ რაიმე გამოძახილი არის ამ შემთხვევასა და ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმესთან, მაგრამ შესამოწმებელი ვერსია არის პირდაპირი, ან ირიბი კავშირი იმ გოგონასი ამ კომპანიისადმი, ან ამ კომპანიების კავშირი ე.წ. პორნოსაიტების გადამღებ ორგანიზაციებთან. თუ ეს პირდაპირი, ან ირიბი კავშირები გამოვლინდება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია, რომ ვერსიაზე ვისაუბროთ.

რაც შეეხება საქმეში ახალი პერსონაჟის ე.წ. შეყვარებულის შემოსვლას, ძალიან უცნაურია მისი შემოსვლა და საუბრის დეტალები. გოგონას გარდაცვალებიდან სამი დღის შემდეგ სოციალური ქსელით იმეგობრებს გოგონას მეგობრებს და ინტერესდება გარდაცვლილით. შესაბამისად, კითხვას აჩენს მისი შემოსვლა. საეჭვო მოქმედება იკვეთევა ამ პერსონაჟის გარშემო?

- ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული ფსიქოტიპაჟი არის. ზოგადად, იმ პროფილის სპეციალობის ხალხს, რაც ამ ახალგაზრდა კაცს აქვს, ზუსტად ასეთი თვისება ახასიათებთ, უბრალოდ გამოხატვის ფორმა და გარკვეული მოქმედებები შეიძლება განსხვავებული იყოს. თქვენც შეგიძლიათ დააკვირდეთ ამ პროფილის ადამიანებს და ნახავთ, რომ ყველას ეს თვისება აქვს.

რაც შეეხება მის შემოსვლას, საკმაოდ კარგად შემოვიდა იმ კუთხით, რომ პირველი შედეგი არის აღიარება კომპანიისა, რომელიც ახორციელებდა და გარკვეული პროგრამული უზრუნველყოფას უკეთებდა პორნოსაიტებს. თუმცა, აქვე ამბობს, რომ ამის ინდუსტრიასთან შეხება არ გვქონიაო, ეს უკვე წარმოუდგენელია. თუ კომპანიას ჰქონდა პროგრამული უზრუნველოყოფა, შესაბამისად, მას ჰქონდა გარკვეული კონტაქტი და მოდით, ამ თემას ნუ გავშლით.

პირველი, რაც ამ ბიჭის გამოჩენას და განცხადებას მოჰყვა არის ის, რომ კომპანიამ პორნოინდუსტრიასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია დაასტურდა, რაც ამ ბიჭის გამოჩენამდე არ გაუკეთებია. ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ, ამ ბიჭს აქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ინფორმაციები, უბრალოდ მას აქვს თავისი მანევრი, სტილი და მოქმედების ტაქტიკა. სავარაუდოდ, ის კიდევ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სახელმწიფოს.

 

romani ბატონ ექსპერტს ვეთანხმები ლობჟანიძის შეფასებაში. დავამატებ, რომ იგი დადებითი და წესიერი პიროვნებაა. მე მაქვს შეხება ამ პროფესიის ხალხთან, განსხვავებული ქცევა და აზროვნება ახასიათებთ, ამასთან, ხშირად, როგორც ეს მრავალ ნიჭიერ ადამიანს ახასიათებს, აუტიზმის ნიშნებიც აქვს, რაც კიდევ უფრო უცნაურს და გაუგებარს ხდის მის ქცევას ობივატელისათვის.
3 წლის უკან