მაია ბუწაშვილი: სანამ ჯანმო პანდემიის დასრულებას არ გამოაცხადებს, რისკის წინაშე ვრჩებით

მაია ბუწაშვილი: სანამ ჯანმო პანდემიის დასრულებას არ გამოაცხადებს, რისკის წინაშე ვრჩებით

ბევრი იმედიანად ელოდებოდა ზაფხულსა და ტემპერატურის მატებას. სამწუხაროდ, ეს ასე არ აღმოჩნდა და კორონავირუსს ზაფხულში უკან არ დაუხევია და პირიქით, ბევრ ქვეყანაში ვხედავთ, რომ შემთხვევების მკვეთრი აღმავლობაა - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოში სტაბილური ვითარება რჩება და სიტუაცია შეიძლება შეფასდეს, როგორც „ძალიან კარგი“.

“შემთხვევების როგორც საერთო რაოდენობა, ისე დღე-ღამური შემთხვევების რიცხვი არის ძალიან დაბალი, როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ასევე ზოგადად მსოფლიოს საერთო მაჩვენებელთან შედარებით. იმედია, ასე შენარჩუნდება. იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი მოსახლეობა თითქოს დამშვიდდა, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ და ეს არარეალისტური იყო, რადგან სანამ პანდემია გრძელდება და ჯანმოს არ გამოუცხადებია მისი დასასრული, ჩვენ რისკის წინაშე ვრჩებით. ეს ყველა უნდა ახსოვდეს“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.