ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გრძელდება

ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გრძელდება

რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება. ლინას ლინკევიჩუსის განცხადებით, საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება.

„12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, გაკვეთილი კარგად არ იქნა გათავისებული, რასაც მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ლინკევიჩუსის განცხადებაში.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2 ათასამდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 ათასი ადამიანი - ეს 2008 წლის ომის შედეგია.

ზუსტად 12 წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა 50-ზე მეტი ქართული სოფელი გაანადგურა. ამ დრომდე რუსი სამხედროები აკონტროლებენ 100-ზე მეტ ქართულ სოფელს, სადაც მავთულხლართებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობას საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ეზღუდება.