რასიზმისა და შევიწროების ბრალდებების გახმაურების შემდეგ ელენის შოუ შეიძლება დაიხუროს

რასიზმისა და შევიწროების ბრალდებების გახმაურების შემდეგ ელენის შოუ შეიძლება დაიხუროს

CBS News-ის ცნობით, პოპულარული ამერიკული სატელევიზიო გადაცემა, ელენ დეჯენერესის შოუ შესაძლოა, დაიხუროს.

ემის მფლობელი შოუ, რომელიც უკვე 17 წელია, ეთერშია, ბოლო დროს კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. Buzzfeed-ის ახალი ამბების რეპორტიორმა, კრისტი ლი იანდოლიმ, გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ გადაცემის ათეულობით ყოფილი თანამშრომელი შოუს აღმასრულებელ პროდიუსერებს არასათანადო მოპყრობაში, სექსუალურ შევიწროებასა და რასიზმში სდებდა ბრალს. თითქმის 50 გამოკითხული ადამიანიდან ნაწილმა განაცხადა, რომ მათზე სხვადასხვაგვარი ძალადობა ხორციელდებოდა, ხოლო მეორე ნაწილი ირწმუნება, რომ სამუშაო გარემო სტრესული იყო, სადაც მათ მუდმივ შიშში უწევდათ საქმის კეთება; ხოლო ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა გარშემო თავად ელენი არ ჩანდა.

"ჩვენ ახალგაზრდა ხალხი ვართ, ვისაც კარიერის აწყობა სურდა, თუმცა, სამწუხაროდ, ტოქსიკურ სამუშაო გარემოში აღმოვჩნდით..." — ამბობს ყოფილ თანამშრომელთაგან ერთ-ერთი.

თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში ელენი ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ საქმის კურსში არ იყო.

"შესაძლებლობა არ მქონია, ყველაფერი ზემოდან გამეკონტროლებინა. შესაბამისად, ჩემს თანამშრომლებს ვენდე და მეგონა, იმას აკეთებდნენ, რაც ევალებოდათ. როგორც ჩანს, ასე არ ყოფილა", — ამბობს შოუს 62 წლის წამყვანი.

წერილს გამოეხმაურა ამერიკელი მსახიობი და კომიკოსი ბრედ გერეტი, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ ეს ყველაფერი სწორედ "ზემოდან" მოდიოდა.

"მას უნდა სცოდნოდა, რაც ხდება", — დასძენს იანდოლი.

ყოფილი თანამშრომლები ელენს შოუს დატოვებისკენ მოუწოდობენ. რაც შეეხება Warner Media-ს — რომელიც გადაცემის დისტრიბუტორი კომპანიაა — იუწყება, რომ მიუხედავად შოუს სამი აღმსასრულებელი პროდიუსერის მხრიდან ბრალდებების უარყოფისა, ისინი მაინც აწარმოებენ გამოძიებას — შეისწავლიან სამუშაო გარემოს და საჭიროების შემთხვევაში, შეცვლიან თანამშრომლებსაც.