„მერიის ამოცანა სამარშრუტო ტაქსების სფეროს მონოპოლიზაციაა“

„მერიის ამოცანა სამარშრუტო ტაქსების სფეროს მონოპოლიზაციაა“

თბილისის მერიამ სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი გამოაცხადა. იგი დედაქალაქში სამარშრუტო გადამზიდავი კომპანიის გამოსავლენად ტარდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ სატრანსპორტო სფერო ფარული მესაკუთრეების საშუალებით ისევ ხელისუფლების ხელში აღმოჩნდება.

 

საკრებულოს „რესპუბლიკელი“ წევრი თინათინ ხიდაშელი სამარშრუტო ტაქსების სფეროს მონოპოლიზების საფრთხის რეალურობაზე საუბრობს. როგორც ხიდაშელმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტენდერის პირობები ადასტურებს იმას, რომ თბილისის მერიის ამოცანა აღნიშნული სფეროს სრული მონოპოლიზაციაა.

 

„აღნიშნული დადგენილებით ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის კიდევ ერთი სფერო შეიზღუდება და ხელმიუწვდომელი გახდება. ეს წესები ქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ახალი წესები შეუძლებელს გახდის ე.წ. „მარშრუტკების“ სფეროში მცირე მეწარმეობას და საქართველოში კიდევ ერთი სფეროს სრულ მონოპოლიზაციას გამოიწვევს“, - განაცხადა ხიდაშელმა.

 

ხიდაშელმა კონკრეტული მაგალითები დაასახელა. მისი განცხადებით, კონკურსი მთელ თბილისში სულ 5 ლოტზეა გამოცხადებული.

 

„მაგალითად ვაკე-საბურთალოს ლოტზე გასამარჯვებლად აუცილებელია ყოველდღიურად 554 ერთეული ავტობუსის ქონა, ხოლო საბანკო გარანტია კონკურსში მონაწილეობისთვის – 100000 ლარის ოდენობით, საკონკურსო პირობების შესრულებისთვის – არანაკლებ 1300000 დოლარის ოდენობით, ხოლო სანებართვო პირობების შესრულებისთვის – ყველა ავტობუსზე 1200 დოლარის ოდენობით“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

 

მისი თქმით, მსგავსი პირობების დაკმაყოფილებას თბილისში სატრანსპორტო სფეროში დაკავებული ფირმებისა და პირების უდიდესი ნაწილისთვის შეუძლებელი იქნება, შესაბამისად ეს სფერო ფარული მესაკუთრეების საშუალებით ისევ ხელისუფლების ხელში აღმოჩნდება.

 

როგორც ხიდაშელი აღნიშნავს, მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ სამარშრუტო ტაქსების ტარიფის მატება არ იგეგმება, მსგავსი ვალდებულება სატენდერო პირობებში ჩადებული არ არის.

 

„გამარჯვებულის გამოვლენისთვის ფასს მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს და არავითარი პრიორიტეტი მომსახურების ფასის მიხედვით, კონკურსში მონაწილეებს არ ენიჭებათ. გამაჯვებულის გამოვლენის პირობებია – ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა, რაოდენობა და საბანკო გარანტიის ოდენობა“, - განაცხადა ხიდაშელმა.

 

მისივე თქმით, ქალაქის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის სოციალურად დაუცველთა მგზავრობის სუბსიდირებაც. შესაბამისად, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ისინი ეწინააღმდეგებიან კიდევ ერთი მონოპოლიური ბიზნესის გაჩენას და მიმართავენ სპეციალურ კომისიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ შეიქმნა, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე გახდეს, რათა მოსახლეობას სრული ინფორმაცია ჰქონდეს სატრანსპორტო მონოპოლიზაციის, დაგეგმილი სატარიფო პირობების და ქალაქის სატრანსპორტო სქემების შესახებ.

 

ხიდაშელის განცხადებით, ხელისუფლებამ დაპირების მიუხედავად, სამარშრუტო ტაქსებისთვის ახალი პირობები ისე დაადგინა და ტენდერიც ისე გამოაცხადა, რომ მან, როგორც საკრებულოს წევრმა, ამის შესახებ მხოლოდ მერიის-ვებგვერდიდან შეიტყო.

 

დედაქალაქის მერიამ სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი ამ დღეებში გამოაცხადა. მერიაში ამ საკითხზე სატრანპორტო კომისიის დახურული სხდომა ჩატარდა, რომელშიც საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები, საკრებულოს უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

 

სხდომას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა. მის დახურვამდე უგულავამ განაცხადა, რომ ტენდერი დედაქალაქში სამარშრუტო გადამზიდავი კომპანიის გამოსავლენად ტარდება. იგი მიზნად ისახავს თბილისში სატრანპორტო სისტემის გაუმჯობესებას, კერძოდ, იმას, რომ ტრანსპორტი იყოს კომფორტული, ითვალისწინებდეს თბილისელების ინტერესებს და არ იქმნებოდეს დედაქალაქში საცობები.

 

მერმა აღნიშნა, რომ ტენდერი 45 დღე გაგრძელდება. მომავალი წლის 14 იანვრამდე დაინტერესებულ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ სატენდერო პირობებს გაეცნონ. ტენდერის პირობები გამოქვეყნდება პრესით და ასევე განთავსდება თბილისის მერიის პორტალზე.

 

ამასთან, თბილისის მერიის მისაღებში, მუდმივად იქნება ერთი კომპეტენტური პირი, რომელიც დაინტერესებულ პირებს, ტენდერთან დაკავშირებით, გაუწევს კონსულტაციას.

 

ასევე, მან მიმართა სატრანსპორტო სამსახურს, ჩაატაროს ღია კარის დღეები არსებული გადამზიდავი კომპანიებისათვის სატენდერო პირობებისა და მოთხოვნების გასაცნობად. ტენდერის გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, სატენდერო კომისიაში ჩართული იქნებიან ასევე საკრებულოს ოპოზიციური წევრებიც და სატრანსპორტო პროფკავშირის წარმომადგენლებიც.

 

უგულავას თქმით, ტენდერის უმთავრესი პირობაა, გამარჯვებულმა კომპანიამ მძღოლები დაასაქმოს. ამჟამად დედაქალაქში 2200 მძღოლი მუშაობს და მერის თქმით, ტენდერის ჩატარების შემდეგ, კიდევ 1000-მდე მძღოლი დასაქმდება, რაც თბილისში უმუშევრობის პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია.

ამასთან, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველების შეღავათები სამარშრუტო ტაქსებზეც გავრცელდება.

 

„სამარშრუტო ტაქსებზე გამოცხადებული ტენდერის პირობებით, თბილისში ახალი სამარშრუტო ხაზებისა და სამარშრუტო ტაქსების რაოდენობა გაიზრდება“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მერიაში სამარშრუტო გადამზიდავების გამოსავლენად შექმნილი სატენდერო კომისიის სხდომის  შემდეგ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა აკაკი ჯოხაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, სატენდერო პირობებით გათვალისწინებულია ახალი სამარშრუტო ხაზებისა და სამარშრუტო ტაქსების გაზრდა. თბილისში ამჟამად მოქმედ 2164 სამარშუტო ტაქსს 300 ერთეული დაემატება.

 

ჯოხაძის განცხადებით, თბილისის პორტალზე სატენდერო პირობები და რეგულირების ნორმები გამოქვეყნდება. უმთავრეს მოთხოვნებს წარმოადგენს ის, რომ აიკრძალება ფეხზე დგომით ან კუსტარული სკამებით სამარშუტო ტაქსებში მგზავრის გადაყვანა; ყურადღება გამახვილდება სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებზე. ასევე, სამარშრუტო ტაქსებში დამონტაჟდება ელექტრონული ბარათების სისტემა, რათა 70 ათასზე დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველებმა შეღავათიანი მგზავრობა შეძლონ. სულ დედაქალაქში ასეთი 80 ათასი პირია.

 

საუბრისას თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება, რადგან ტარიფს ამ შემთხვევაში ბაზრის პრინციპები არეგულირებს. შესაბამისად, ფასის გაზრდის შემთხვვაში სამარშუტო ტაქსებში მგზავრთა ნაკადი შემცირდება.

 

ოპოზიციას მერიის საქალაქო სამსახურების დაპირებების არ სჯერა. ხელისუფლება სულ ცოტა ხნის წინ იმასაც ირწმუნებოდა, რომ კომუნალური და სხვა გადასახადები არ გაიზრდებოდა. სახეზეა სრულიად საპირისპირო შედეგები. ვნახოთ, რა მოხდება სამარშრუტო ავტობუსების სფეროში, აღდგომა და ხვალეო.