თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში მეორე ტალღა იყოს რბილი

თენგიზ ცერცვაძე: ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში მეორე ტალღა იყოს რბილი

მისი განმარტებით, მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება და ამ ფონზე საქართველოში შემთხვევების დღიური მაჩვენებლის ერთნიშნა რიცხვიდან ორნიშნამდე გაზრდა საგანგაშო არ არის. ​

„საქართველო არ არის იზოლირებული ევროპიდან, განსაკუთრებით სამეზობლოდან. ჩვენ ის კი არ უნდა გვიკვირდეს, რომ ბოლო დღეებში რაღაც გაიზარდა, არამედ ალბათ ის უნდა გვიკვირდეს, უფრო მეტად როგორ არ იზრდება“, - ამბობს ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა არ არის, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ჯერ კიდევ პირველი ტალღა გრძელდება.

„ჩვენ შევეცდებით, რომ საქართველოში მეორე ტალღა, რომ არ იქნეს ალბათ ვერ მივაღწევთ, მაგრამ იქნეს რბილი. პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება, თუმცა ეს ჩემი, როგორც ექსპერტის აზრია. აი ჩვენ ვილაპარაკებთ, საქართველო და მსგავსი რამდენიმე წარმატებული ქვეყანა, რომ ის იყო პირველი ტალღა და თუ იქნა, ის არის მეორე ტალღა“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ცუდი პროგნოზები არ გამართლდა, რადგან მოსახლეობამ უმეტეს წილად მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინა, შემთხვევების მატება კი ცალკეულ ლოკაციებს უკავშირდება. ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ პანდემიის დასრულება მხოლოდ ვაქცინის გამოყენების შემდეგ გახდება შესაძლებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული ვითარება კიდევ ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

საქართველოში რეგისტრირებულია კორონავირუსის 1 171 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 947-ს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია - 17, კარანტინის რეჟიმშია - 6588, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 323 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.