როდესაც ანაკლიის კონსორციუმი უჩივის საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი აზრით, ამ დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია - ეს არის მხოლოდ საკითხის პოლიტიზებისა და იმის მცდელობა, რომ ხელი შეგვიშალონ ახალი ინვესტორის მოძიებაში. კონსორციუმმა ვერ შეასრულა აღებული ვალდებულებები და თუ კი ვინმეს მიმართ შეიძლება ჰქონდეთ მათ პრეტენზია, უნდა ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.
ნათია თურნავას თქმით, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 2015 წელს, ახლა არის 2020 წელი, როდესაც, ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს უკვე უნდა ჰქონოდა ახალი, მოქმედი ანაკლიის პორტი, მაგრამ, კონსორციუმმა, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მთავრობის ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.
„კონსორციუმმა ვერ შეაგროვა დაფინანსება და ვერ შეძლო პროექტის განხორციელება, შესაბამისად, საქართველოს მთავრობა გეგმაზომიერად მუშაობს საინვესტიციო-სატენდერო პაკეტის განახლებასა და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
9 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულებას წყვეტს და პორტის ასაშენებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.