„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ ძალას საშუალება ჰქონდა თავისი ადგილი და განვითარება მოეძებნა პოლიტიკურ ველზე, - ამის შესახებ თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის ოლქში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს არ აღმოაჩნდა ის იდეურ-პოლიტიკური რესურსი, რა რესურსის გარშემო ისინი შეიძლება გაერთიანებულიყვნენ და ამის გარშემო მოეხდინათ თავიანთი ძალების კონსოლიდაცია და როგორც ალტერნატივა არსებული ხელისუფლებისა, ისე წარმდგარიყვნენ.
მათი პოლიტიკური ნიშანი საბოლოო ჯამში იყო დაქსაქსული, მათი მიზანი იყო პიროვნულად ნებისმიერი ხერხით, რევანშისტური გზით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, ხელისუფლებაში, მაგრამ მხოლოდ რევანში არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ხელისუფლება, რომელიც თანმიმდევრულად მუშაობდა, ნელ-ნელა აძლიერებდა თავის პოზიციებს, პასუხობდა უფრო ზუსტად, სწრაფად, უფრო კონკრეტულად ქვეყნის, საზოგადოებისა და მოქალაქის ინტერესებს, დღეს უფრო მომგებიან პოლიტიკურ ვითარებაშია და რა თქმა უნდა ეს არავის ბრალი არაა, ეს არის სწორედ იმ მუშაობის შედეგი, რა მუშაობასაც ხელისუფლება წლების განმავლობაში თანმიმდევრულად ახერხებს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.