ვაქცინა უფრო ადრე იქნება, ვიდრე წამალი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„ვაქცინა, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში იქნება. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, დაახლოებით 7-8 ვაქცინაა ე.წ. მესამე ფაზის კლინიკურ კვლევაში. დიდი იმედები არის. მთელი რიგი ქვეყნები წინასწარ იხდიან თანხას, რათა ვაქცინა შეხვდეთ. ჩვენ რამდენიმე კომპანიასთან ვმუშაობთ, რომ როდესაც ვაქცინა იქნება, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.