„აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობდა და ასეთ გადაწყვეტილებას ველოდით“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახი ადვოკატმა ფეხბურთელის საქმეზე ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
„შესაძლოა, ერთმა ექსპერტიზამაც კი ისეთი მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანოს ჩვენი ვერსიის დადასტურების თვალსაზრისით, რომ ეს შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
ოჯახი პოზიცია არის უცვლელი და კატეგორიული, რომ ყველა იმ პირს, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იმყოფებოდა, 109-ე მუხლით უნდა წაეყენოს ბრალი.
ეს პოზიცია გამოძიებამაც იცის, საზოგადოებამაც და ის სავარაუდოდ არც შეიცვლება, რადგან ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ გამოძიების ვადაშივე უნდა იყოს წარდგენილი ეს ბრალდება, იმავდროულად ვთვლით, რომ ამის სათანადო საფუძვლები არსებობს და მას დამატებითი წიაღსვლები აღარ სჭირდება.
თუმცა მოთმინებით ველოდებით მასალებს, რომელიც ოჯახის ვერსიას გაამყარებს“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ გადაცემაში „დღის კურიერი“.
11 ბრალდებულიდან 10 ბრალს არ აღიარებს. ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.დაკავებულთა ნაწილს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე, ნაწილს კი, 225-ე მუხლებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
რაც შეეხება კიდევ 6 დაკავებულს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან, მათი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.