ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია სიჩქარეს იკრეფს.
„პანდემია განაგრძობს გაძლიერებას. ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირას ჯანმო საგანგებო სიტუაციების კომიტეტის სხდომას გამართავს, რომელზეც კორონავირუსის პანდემია შეფასდება.
„საერთშორისო მარეგულირებელი წესების თანახმად, მიმდინარე კვირას საგანგებო სიტუაციების კომიტეტს მოვიწვევ, რათა ახალი შეფასება მივცეთ პანდემიას და სათანადო რეკომენდაციები მივიღოთ“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, პანდემიამ მსოფლიო შეცვალა და როგორც ხალხის გაერთიანება, ასევე მათი გაყოფა გამოიწვია.
„ბევრი რამ ვისწავლეთ და ახლაც განვაგრძობთ სწავლას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო შეიცვალა, კორონავირუსთან ბრძოლისთვის ისეთი ფაქტორებია აუცილებელი, როგორიც არის პოლიტიკური ლიდერობა, საზოგადოების ინფორმირება და კორონავირუსთან ბრძოლაში მათი ჩართულობა. ჩვენ არ ვართ პანდემიის ტყვეები. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ცვლილებების შეტანა. მომავალი ჩვენს ხელშია“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.