დიდ ბრიტანეთში ახალი ბიოგრაფიული წიგნი გამოიცემა, რომელიც მეგან მარკლისა და პრინც ჰარის სამეფო ოჯახთან დაშორების მიზეზებს განმარტავს. ამის შესახებ BBC წერს.
წიგნის Finding Freedom („თავისუფლების ძიებაში“) ავტორები ომიდ სკობიე და კეროლინ დიურანდი არიან. ისინი სასექსეის ჰერცოგის და ჰერცოგინიას და სამეფო ოჯახის სხვა წევრებს შორის ურთიერთობაში მზარდ დაძაბულობას აღწერენ. წიგნიდან რამდენიმე ამონარიდი დღეს ბრიტანულ პრესაში დაიბეჭდა.
ტექსტის მიხედვით, სამეფო ოჯახი წყვილის გლობალურ პოპულარობას საფრთხედ აღიქვამდა, რადგან შიშობდნენ, რომ ისინი უფრო ასაკოვან წევრებს დაჩრდილავდნენ. ავტორები მეგან მარკლის და პრინც უილიამის მეუღლე კეიტ მიდლტონს შორის უთანხმოებაზეც წერენ და აღნიშნავენ, რომ წყვილის სამეფო ოჯახის წევრების რანგში ბოლო ღონისძიებაზე მიდლტონი მარკლს არც კი გაესაუბრა. წიგნის სრული ვერსია ბრიტანეთში 11 აგვისტოს გამოვა.
პუბლიკაციას მეგანის და ჰარის ოფიციალური წარმომადგენლები გამოეხმაურნენ. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტორებს სასექსებთან არ უსაუბრიათ და წიგნში მოთხრობილი ამბავი მხოლოდ მათ შთაბეჭდილებებზეა დაფუძნებული.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ. წყვილს აღმატებულების ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა სასექსის ჰერცოგის და ჰერცოგინიას ტიტულები შეუნარჩუნდათ. ახლა ისინი კალიფორნიაში ცხოვრობენ.