გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული მცხეთის რაიონულმა სასამართლომ კვლავ პატიმრობში დატოვა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე მაია ოშხარელმა მიიღო.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.
ადვოკატებმა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს. ისინი დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 5 000-დან 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.
პროკურატურამ კი, ბრალდებულების კვლავ პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
11 ბრალდებულიდან 10 ბრალს არ აღიარებს. ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მას მხოლოდ აგარაკის ეპიზოდში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ძალადობას ედავებიან.
დაკავებულთა ნაწილს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ 126-ე, ნაწილს კი, 225-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
რაც შეეხება კიდევ 6 დაკავებულს, რომლებიც არასრულწლოვნები არიან, მათი სასამართლო პროცესი 31 ივლისს გაიმართება.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.
19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.