გაერთიანებულ ოპოზიციას ახასიათებს ორი მთავარი ნიშანი. ერთი, რომ ამოცანა აქვთ როგორმე რევანშის მეშვეობით ხელისუფლებაში მოვიდნენ და მეორე - აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება აქვთ იმაზე, თუ ვის რა დოზით ეკუთვნის ამ ხელისუფლებაში მართვის სადავეები, - აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი.
„კონკრეტული პიროვნებების გასვლა საერთო შემადგენლობიდან ან ერთმანეთის მიმართ გარკვეული პრეტენზიების გამოთქმა ჩვეულებრივი ამბავია და ამასთან დაკავშირებით კონკრეტული შეფასება არ გამაჩნია. ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა გადააქციეს სახელმწიფოსთან ბრძოლად. რა მეთოდით ებრძვიან სახელმწიფოს, ამაზე საერთო აზრი აქვთ, განსხვავებული აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, თუ ვის რამდენი უნდა ჰქონდეს ხელისუფლების სადავე რევანშის პირობებში. ეს არის ორი მთავარი დამახასიათებელი გაერთიანებული ოპოზიციის და ახლა, თაკო ჩარკვიანი გავა საერთო ფერხულიდან თუ სხვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
გიორგი ვაშაძის პარტიამ, „ახალი საქართველო“ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" დატოვა. ის არჩევნებში მონაწილეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით მიიღებს. არჩევნებში, გიორგი ვაშაძესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“.