მირიან ნიკოლაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებები ძალაში დარჩება

მირიან ნიკოლაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიებები ძალაში დარჩება

„გვაქვს ერთადერთი მოლოდინი, რომ აღკვეთის ღონისძიებები, რომელიც შეფარდებული აქვთ ბრალდებულებს, დარჩება ძალაში“, - აცხადებს გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე.

მისივე განცხადებით, გურამ ამირხანაშვილისა და ვახტანგ ახვლედიანის ჩვენებები მომხდარის შესახებ მნიშვნელოვან გარემოებებს ააშკარავებს.

„ახვლედიანის ჩვენება მთლიანად თანხვედრაშია ამირხანაშვილის ჩვენებასთან. ამ ორი ჩვენებით ნათლად ჩანს, რომ „ტოიოტა ქამრის“ მგზავრებიდან, ვინც დაედევნენ გიორგის, სამი მათგანი გამოეკიდა ბავშვებს ხიდის მიმართულებით, ორი კი - საპირისპირო მიმართულებით ჩავიდა, საიდანაც გზა იმავე ხიდის სვეტებთან ამოდის. შესაბამისად, გიორგის სხვა გზა აღარ ჰქონდა დარჩენილი გარდა იმისა, რომ ფერდობის მიმართულებით გაქცეულიყო, რომელიც არაგვის სანაპიროზე ჩადის“, - აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

დღეს მცხეთის რაიონული სასამართლო გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შესახებ იმსჯელებს.

17 დაკავებულიდან არასრულწლოვნების საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო. დღეს სრულწლოვანი პირების აღკვეთის საკითხზე იმსჯელებენ, არასრულწლოვნების პროცესი კი 31 ივლისსაა ჩანიშნული.

10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.

28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.