ფეისბუქ-მომხმარებელი გიორგი სახვაძე სოციალურ ქსელში წერს:
“მახსოვს, ადრე, კარადები წიგნებით ჰქონდა ხალხს გამოჭედილი. უფრო ძვირფას და ლამაზყდიანებს არჩევდნენ. რამდენიმე წელიწადში ერთხელ მტვერს გადააცლიდნენ და იმ წიგნების დანიშნულებაც ეგ იყო. ალბათ დღესაც იგივე გრძელდება, რადგან დღეს, ყველაზე მეტად, ჭკუის მასწავლებლებად სწორედ ისინი გვევლინებიან "ძია თომას ქოხი" რომ არ ექნებათ ბოლომდე წაკითხული, ხოლო "შერლოკ ჰოლმსს" მხოლოდ ფილმებიდან იცნობენ. ეს უკანასკნელი შემთხვევით არ მიხსენებია - შეიხედეთ მეზობელთან, ტელევიზიაში, ავტობუსში და ასე შემდეგ - ყველა ჰოლმსია, ყველამ ყველაფერი იცის...!
გერმანიაში დღეს 10 ათასობით გაუხსნელი საქმეა და არავის მოსვლია აზრად ან ქუჩაში გამოსულიყო, ვინმეს გადადგომა ან მომხდარიდან ერთ კვირაში საბოლოო დასკვნის დადება მოეთხოვა.
ვიცი ახლა ვინმე ამ სტატუსის ბოლომდე ჩაკითხვას არც მოისურვებს და ეგრევე ქოცობას მომაწერს...იცით რა? საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრი ჩემს შესახებ და არავის წინაშე არაფერზე არ ვაპირებ თავის მართლების პოზიციაში ვიყო, მითუმეტეს, რომ ათიათასჯერ მაქვს ნათქვამი - არასდროს არცერთი ხელისუფალი არ გამიღმერთებია და ყველა "ისტზე" მეცვლება შეხედულება.../ ბოლო წინადადება ჩავასწორე, უფრო უხეშად მეწერა/
იმას გიხსნით, რომ, არანორმალური ქვეყანაც რომ ვიყოთ, შედეგს უნდა დაველოდოთ, ხელი არ შევუშალოთ გამოძიებას, პირიქით- ხელი შევუწყოთ მათ საქმის დროულად გასახსნელად და არა ხელი დავაფაროთ მკვლელებს. პროტესტი კი მაშინ გამოვთქვათ, როდესაც უსამართლობის , ვინმეზე ხელის დაფარების უტყუარი საბუთი გვექნება.
ასეთ შემთხვევაში მეც იქ, იმ პროტესტანტებში მიგულეთ!
გული მწყდება, როდესაც ასეთ მარტივ რაღაცეებზე მიხდება დროის დაკარგვა, მაგრამ ვხედავ, თუ როგორ მალე ვეგებით ბოროტი ადამიანების მიერ დაგებულ ხაფანგში.
მკვლელი, საერთოდ კრიმინალი, ყოველთვის ცდილობს კვალი რაც შეიძლება საიმედოდ დაფაროს, მყარი ალიბი შეიქმნას და უამრავ ისეთ მაგალითს ითვლის მსოფლიო, როდესაც საქმე ან საერთოდ ვერ გახსნილა ან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ.
ჩვენ ყველაფერი სწრაფად გვინდა, მაგრამ თუ საკმარისი დამამტკიცებელი არგუმენტების გარეშე მივა პროკურორი სასამართლოში , მოსამართლემ ეს საქმე შეიძლება თავზე გადაახიოს.
არის მეორე გზა, რომელზე დაბრუნებაც ძალიან არ მინდა, ანუ "დუბინკის" მეთოდი ან კასტილიანი კაცის გამოყენება, როცა დამნაშავე იყავი თუ არა მნიშვნელობა არ ჰქონდა; კენედის მკვლელობასაც აღიარებდი თუ მოისურვებდნენ.
ამიტომ მოდით ჯერ კარგად გავერკვეთ - როგორ სახელმწიფოში გვინდა ვიცხოვროთ?!
იქნებ მოახერხოს რომელიმე ხელისუფლებამ იმოქმედოს იმდენად ეფექტურად, რომ მოქალაქეებს კითხვის ნიშნები რაც შეიძლება ნაკლებად დარჩეთ, რადგან, მეტ- ნაკლებად, კითხვის ნიშნები ყოველთვის დარჩება.
მოსახლეობამ, განსაკუთრებით მოწმე - თვითმხილველებმა, კეთილსინდისიერად ითანამშრომლონ გამოძიებასთან და დაეხმარონ სიმართლის დადგენაში.
ტელევიზიებმა ან შეწყვიტონ ხალხის დაზომბირება ვიწრო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ან ეს ძალა შეეშვას თავის თავს პროგრესული და ევროპული ეძახოს - არსად, ვიმეორებ, არსად, არცერთ ევროპულ ქვეყანაში ჟურნალისტებს თავში არ მოუვათ, რომ მსგავსად მოიქცნენ!
ეს არის დანაშაული ქვეყნის და გაუბედურებული ოჯახების წინაშე!
ადრეც დავწერე - ადამიანის ლეშზე მონადირე სვავებს დაემსგავსნენ ზოგიერთები!
იმედს ვიტოვებ, საქმეები გაიხსნება, ვირუსი დამარცხდება, დასასჯელი დაისჯება და მოსახლეობის დიდი უმრავლესობა მიხვდება, რომ ქვეყნის ინტერესები არ შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსს ან პარტიას ანაცვალო; ხოლო მათ, ვინც ასე განაგრძობს ცხოვრებას, პოლიტიკურ სანაგვეზე მოისვრის სამუდამოდ.
კიდევ ერთხელ მოვაშოროთ მტვერი წიგნებს და დავუმეგობრდეთ მათ...იქნებ როგორმე ადამიანის სახე და დანიშნულება საბოლოოდ არ დავკარგოთ!”