არჩილ თალაკვაძე: პროპორციული სიის ხარჯზე გუნდი განახლდება, პოლიტიკაში შემოვლენ ახალი ადამიანები

არჩილ თალაკვაძე: პროპორციული სიის ხარჯზე გუნდი განახლდება, პოლიტიკაში შემოვლენ ახალი ადამიანები

პროპორციული სიის ხარჯზე მოხდება გუნდის განახლება, პოლიტიკაში შემოვლენ ახალი ადამიანები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროპორციულ სიაზე კონსულტაციები „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაიწყო. „შერჩევის დროს წამყვანი იქნება კომპეტენცია, მაგრამ ამასთანავე წამყვანი იქნება სიახლეები, იდეები, ენთუზიაზმი, რომელიც პოლიტიკას ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ესაჭიროება. ეს არის კანონზომიერი და ყველა ნორმალური, პროგრესული პარტია ამას აკეთებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ გუნდი ნინო წილოსანს და დიმიტრი ხუნდაძეს პროპორციულ სიაში ადგილს შესთავაზებს. „მათ ექნებათ გუნდის მხრიდან შეთავაზება პროპორციულ სიასთან დაკავშირებით. მათ გადაწყვეტილება მიიღეს საკუთარი მოსაზრებების გამო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. მე ვერ ვხედავ მიზეზს რომ საყვედური ვუთხრათ“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

რაც შეეხება ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი ბახტაძეს, ის პროპორციულ სიაში არ იქნება. „მას აქვს გამოცდილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის და გუნდს ყველა პოზიციიდან დაეხმარება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, პროპორციულ სიაში მარნეულის ყოფილ მერი თემურ აბაზოვი არ იქნება და ეს საკითხი არც განხილულა.