არჩილ თალაკვაძე: მიღებული კანონპროექტით კონგრესის მთელი ყურადღება რჩება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც ჩვენ დემოკრატიულად და სამართლიანად ჩავატარებთ

არჩილ თალაკვაძე: მიღებული კანონპროექტით კონგრესის მთელი ყურადღება რჩება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელსაც ჩვენ დემოკრატიულად და სამართლიანად ჩავატარებთ

„მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრები ჩატარდა, ამერიკის კონგრესის მთელი ყურადღება ამ გადაწყვეტილებებით, რჩება საპარლამენტო არჩევნებზე და სხვათა შორის, კანონპროექტიდან ამოიღეს კენჭისყრამდე ორი პუნქტი, რომელიც მედიის თავისუფლებას და პარტიებს ეხებოდათ, ვინაიდან, ორივე მიმართულებით, ჩვენ გავატარეთ რეფორმები და მივიღეთ ძალიან პროგრესული კანონმდებლობა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტის აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტზე საუბრისას, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ყურადღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეა კონცენტრირებული

„ყოველდღე გვესმის, რომ შეერთებულმა შტატებმა თითქოს მიატოვა საქართველო; რომ თითქოს საქართველოში დემოკრატია შეჩერებულია და ჩვენ არჩევნებსაც ვერ ჩავატარებთ - როგორც აქამდე გვესმოდა სხვა სფეროებზე. ზოგიერთებს პოპ-კორნი ჰქონდათ მომარაგებული, რომ იქნებ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს COVID19-თან გამკლავება და ამ ქვეყანაში რაღაც უბედურება დატრიალდეს. ასევე - სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ჯგუფები, განსაკუთრებით ძველი ოპოზიციიდან, რომელთაც პოპკორნი აქვთ მომარაგებული და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე ქვეყნის ჩავარდნა ნახონ და მერე ის ხელისუფლებას დააბრალონ, რითაც პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება სურთ.

მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა ჩატარდა, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილებებით, ამერიკის კონგრესის მთელი ყურადღება საპარლამენტო არჩევნების მიმართ რჩება და სხვათა შორის კანონპროექტიდან კენჭისყრამდე ამოიღეს ორი პუნქტი, რომელიც მედიის თავისუფლებას და პარტიებს ეხებოდა ვინაიდან ჩვენ გავატარეთ რეფორმები და მივიღეთ ძალიან პროგრესული კანონმდებლობა.

კონგრესის მიერ მიღებულ ამ აქტებში მთელი ყურადღება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეა კონცეტრირებული.

ჩვენი მხრიდანაც, რასაკვირველია, მთელი ყურადღება არის კონცენტრირებული საპარლამენტო არჩევნებზე. ვემზადებით, რომ 2020 წლის არჩევნები მართლაც იყოს ის შესაძლებლობა, სადაც ჩვენ დავუმტკიცებთ ჩვენს თანამოქალაქეებს და პარტნიორებს, რომ საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ - ეს არის უდავო“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკვე არაერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისთვის, რომ 2020 წლის არჩევნები მართლაც გარდამტეხი და სამაგალითო იყოს.

„ვფიქრობ, რომ ეს ჩანაწერი ზუსტად ემთხვევა იმ პრიორიტეტს და იმ სულისკვეთებას, რაც საქართველოს აქვს. ანუ, პარტნიორები ამბობენ, რომ საქართველომ უნდა ჩაატაროს დემოკრატიული არჩევნები, მაგრამ ყველა ვხვდებით, რომ საქართველომ არამხოლოდ დემოკრატიული არჩევნები უნდა ჩაატაროს, საქართველომ უნდა ჩაატაროს უფრო დემოკრატიული, უფრო გამჭვირვალე, კოვიდისგან უსაფრთხო და თანაც, არსებითად პროპორციული არჩევნები.

ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ და არაერთი ნაბიჯი უკვე გადავდგით ამის მოსამზადებლად, რომ ეს არჩევნები მართლაც იყოს გარდამტეხი და სამაგალითო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან საზოგადოებას შეახსენა ისიც, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ამერიკის კონგრესმა საქართველოს მიმართ დაფინანსება 40 მილიონზე მეტით გაზარდა.​