არჩილ თალაკვაძე: მინიმუმამდე დავიყვანთ იმ რისკებს, რაც შეიძლება COVID19-თან დაკავშირებით არჩევნებზე იყოს

არჩილ თალაკვაძე: მინიმუმამდე დავიყვანთ იმ რისკებს, რაც შეიძლება COVID19-თან დაკავშირებით არჩევნებზე იყოს

„რა თქმა უნდა, COVID19 უკავშირდება უსაფრთხო არჩევნებს, სწორედ ამიტომ იყო, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების განხილვისას, დავამატეთ სპეციალური პაკეტი, რომელიც უსაფრთხო არჩევნებს უკავშირდება, ეს არის ის ზომები, რომელიც არჩევნების დროს უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „ქრონიკა“.

„როდესაც მილიონობით მოქალაქე მიდის და აძლევს ხმას, რისკები უნდა იყოს გადაზღვეული, ვემზადებით ამისთვის, საარჩევნო ადმინისტრაცია სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად და სახელმწიფო თავის პასუხისმგებლობას შეასრულებს. მინიმუმამდე დავიყვანთ იმ რისკებს, რაც შეიძლება COVID19-თან დაკავშირებით არჩევნებზე იყოს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ვხედავთ, რომ მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება შემთხვევათა რაოდენობა და გარდაცვლილთა რაოდენობის შემცირების ტენდენციაც არ არის.

„ქვემო ქართლში განვითარდა ახალი კლასტერი და ჩვენ გვიწევს ახალი შეზღუდვების დაწესება და ალბათ ხედავთ, რომ იქ, მოქალაქეებს გარკვეულწილად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ COVID19-თან დაკავშირებით. არაერთი მათგანი თვლის, რომ ეს საფრთხე საერთოდ არ არის, ასევე თვლის, რომ ტესტირება და პრევენციული ზომები საჭირო არ არის. შემთხვევით, საზოგადოებას ხომ არ ეცნობა, რისი შედეგი შეიძლება, იყოს ეს?!ჩვენ გვახსოვს წინა პერიოდში, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალება შავ კამპანიას ახორციელებდა COVID19-ის წინააღმდეგ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით და მთელ საზოგადოებას არწმუნებდა იმაში, რომ თითქოს, ხელისუფლება მოქალაქეებს ფულს უხდის, რომ COVID19-ის ცრუ შემთხვევები დაადასტურონ და დღეს ზუსტად იმ საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება გააჩნია COVID19-თან დაკავშირებით“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.