რა გახდა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი - ამ საკითხზე „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.
„გიორგი კვირიკაშვილთან გუნდს ჰქონდა კონკრეტული შენიშვნები და ეს ძირითადად ბანკებთან მიმართებით პოლიტიკას ეხებოდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა გარკვეული საკითხები და ერთ-ერთი იყო ეს საკითხი. ჩვენ ბანკებთან მიმართებით უფრო მეტი ეფექტურობა გვჭირდებოდა. საბანკო პოლიტიკის კუთხით რაღაცები იყო შესაცვლელი და გამოსასწორებელი და მამუკა ბახტაძის ინიციატივებმა ამ მიმართულებით ბევრი რამ შეცვალა. არსებობს პარტიის შიდა სამზარეულოც და დეტალებში შესვლა ახლა აღარ ღირს, ვინაიდან დიდი დრო არის გასული. გარკვეული შიდა დისკუსიები პარტიის შიგნითვე უნდა დარჩეს. დასამალი არაფერია, უბრალოდ მიზანშეწონილი არაა - არც ერთ პარტიას თავისი შიდა სამზარეულო საჯაროდ არ გამოაქვს“, - განაცხადა კობახიძე.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2015 წლის დეკემბრიდან 2018 წლის ივნისამდე იკავებდა.