აშშ-ში, ვისკონსინის შტატის ქალაქ მენომონის მკვიდრმა ლატარეაში 22 მილიონი დოლარი მოიგო და 28 წლის წინანდელი დაპირებისამებრ თანხის ნახევარი მეგობარს მისცა. ამის შესახებ გამოცემა UPI წერს.
მისი ცნობით, თომას კუკმა ლატარეაში ჯეკპოტი მოიგო და მაშინვე გაახსენდა დაპირება, რომელიც 1992 წელს მეგობარ ჯოზეფ ფინის მისცა. მაშინ მეგობრები შეთანხმდნენ, რომ თუ ოდესმე რომელიმე მათგანი ლატარეაში ჯეკპოტს მოიგებდა, ისინი თანხას გაიყოფნდნენ.
„როდესაც თომასმა დამირეკა და მითხრა, რომ ჯეკპოტი მოიგო, მეგონა, რომ ხუმრობდა“, - ამბობს ჯოზეფ ფინი. თანხის ერთბაშად მიღების გამო მეგობრებს გადასახადების გადახდა დაეკისრა და საბოლოოდ მოგებული თანხა 11,5 მილიონ დოლარამდე შემცირდა. შესაბამისად, თითოეულს 5,7-5,7 მილიონი დოლარი ერგო.
თომას კუკის განცხადებით, ახლა ისინი სამსახურიდან წავლენ და მთელ თავისუფალ დროს ოჯახებს დაუთმობენ.