პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა კუჭავას განცხადებით, საუბრები „ქართული ოცნების“ პრორუსული კურსის შესახებ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და ამას აშშ-სა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული არა ერთი შეფასება ადასტურებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.
„რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებებს „ქართული ოცნების“ პრორუსული კურსის შესახებ, არა თუ ამის დამადასტურებელი არანაირი ფაქტი არ არსებობს, არამედ პირიქით - ყველას უნდა ახსოვდეს, რომ აშშ-თან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე, როგორც დღეს არის. ამის შესახებ აცხადებს არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ ოფიციალური ვაშინგტონი და საქართველოში აშშ-ის საელჩო. რაც შეეხება ევროპას ურთიერთობებს. ზუსტად „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება, მისი პირნათლად შესრულების შედეგად მივიღეთ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. ამას კი საბოლოოდ მოყვა თავისუფალი მიმოსვლა შენგენის ქვეყნებში, რომელსაც ვერ მივაღწევდით, ვინმეს რომ ეჭვი ეპარებოდეს ჩვენს პროდასავლურობაში ან თვლიდეს, რომ ჩვენ რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად. ეს არ ნიშნავს, რომ სრულყოფილები ვართ - ბევრ საკითხზე პარტნიორებთან ერთად მუშაობას ვაგრძელებთ და ზუსტად ეს იყო საარჩევნო რეფორმის ინიცირების მიზეზი, რათა საარჩევნო კოდექსი საუკეთესო პრაქტიკასა და მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. ჩვენ ეს ცვლილებები უკვე დავამტკიცეთ და დარჩა ერთი გამოცდა - არჩევნების უბადლოდ და სამაგალითოდ ჩატარება. ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ და ამას ყველა ძალიან მალე ვნახავთ“, - განაცხადა კუჭავამ.