რომან გოცირიძე: აშშ-ის სამხედრო ავტორიზაციის აქტით, საქართველოსადმი კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერა მისასალმებელია

რომან გოცირიძე: აშშ-ის სამხედრო ავტორიზაციის აქტით, საქართველოსადმი კიდევ ერთხელ გამოხატული მხარდაჭერა მისასალმებელია

სენატში მსგავსი კანონპროექტის ინიცირება მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთხელ არის გამოხატული საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო კუთხით. ეს აშშ-ის სტრატეგიული პოზიციაა და საქართველოს მთავრობა სპეკულირებას ნუ ეწევა, თითქოს, მათი რაღაც დამსახურება იყოს ამაში, ისევე, როგორც ეწევიან სპეკულირებას, რომ თითქოს, ამერიკის კონგრესში არ ყოფილიყოს კანონპროექტი დარეგისტრირებული, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს თავდაცვის ხარჯების შემცირებას 15%-ით. ანუ, მის გაყინვას - 20 მილიონ დოლარზეა საუბარი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ეს დოკუმენტი, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არის სხვა, ხოლო ის დოკუმენტი, რომელიც საბიუჯეტო კომიტეტმა მიიღო და სადაც სანქციებს ითხოვენ, არის - სხვა. თავისთავად, საქართველოსადმი მხარდაჭერა თავდაცვის ავტორიზაციის აქტით ძალიან კარგი და მისასალმებელია. ამავე დროს, უნდა იქნას გათვალისწინებული მეორე დოკუმენტიც, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, გაგრძელდება პოლიტიკური დევნა და არ იქნება დემოკრატიის მიმართულებით ნაბიჯები გადადგმული, ქვეყანას 20 მილიონი დოლარი გაეყინება. არავის უხარია ჩვენი თავდაცვის განვითარებისთვის ფულის დაკლება. ძალიან გაგვიხარდება, თუ მთავრობა ამ ვალდებულებას შეასრულებს და დროულად შეწყვეტს იმ უმსგავსობას, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს და რასაც ჰქვია საკონსტიტუციო შტოების უზურპირება ერთი ადამიანის მიერ. მეორე დოკუმენტი კვლავ არის ძალაში და იგი განხილული იქნება ოქტომბერში, ბიუჯეტის დამტკიცებისას. ერთი დოკუმენტიდან თუ რაღაცები იქნა ამოღებული, მაგრამ იმავე რანგის მეორე დოკუმენტში არის, ეს არ აძლევს მთავრობას სიხარულის და ტაშის შემოკვრის საფუძველს. ამერიკა ეხმარება სახელმწიფოს და არა - მთავრობას. საქართველო ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა, სადაც სამნახევარი მილიარდი დოლარი ჩადო ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო განვითარებისთვის, ასევე რეგიონში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის. მისასალმებელია, რომ სამხედრო ავტორიზაციის აქტით კიდეც ერთხელ არის გამოხატული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

2021 ფისკალური წლის აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი შეიცავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების მიმართულებით ძლიერ მხარდამჭერ გზავნილებს.