მეცნიერებმა სამხრეთის ოკეანის ფსკერიდან მეთანის აქტიური გადინება აღმოაჩინეს. ამ პროცესს კი გლობალური დათბობის ასწრაფება შეუძლია.
მეთანი ძლიერი სათბურის აირია, რომელიც კლიმატის ცვლილებებს აჩქარებს. იგი პლანეტას ნახშირორჟანგზე მეტად ათბობს. მისი ოკეანის სიღრმეებიდან გაჟონვის რისკი მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში აწუხებდათ. ზოგიერთი მათგანის ვარაუდით, მიკროორგანიზმები მას მანამდე შთანთქავდნენ, სანამ ატმოსფეროში გამოთავისუფლდებოდა. თუმცა რამდენიმე ახალი მიგნება ამტკიცებს, რომ მათი იმედები უსაფუძვლოა და შთანთქმის პროცესი არაეფექტიანია.
მეთანის გაჟონვა პირველად 2011 წელს დააფიქსირეს, ხოლო იმისთვის, რომ მიკროორგანიზმები გამოჩენილიყვნენ, ხუთი წელი გახდა საჭირო. ახლა კი მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მიკროორგანიზმების არსებობის მიუხედავად, მეთანი მაინც ჟონავს.
"ეს კარგი ამბავი არ არის. მიკრობებს გამოსაჩენად ხუთი წელი დასჭირდათ და მას შემდეგაც მეთანი ოკეანის სიღრმიდან მაინც სწრაფად თავისუფლდება", — განაცხადა კვლევის ავტორმა ენდრიუ ტურბერმა.
ტურბერის თქმით, ტერიტორიაზე გაზრდილი მიკრობების შტამი მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა და მიკროორგანიზმებს სრულად ადაპტირებისთვისა და მეთანის შთანთქვისთვის დაახლოებით ხუთიდან ათ წლამდე დასჭირდებათ.
მეთანის დიდი ოდენობა ოკეანეში ღრმად, ყინულის ქვეშაა მოთავსებული. მკვლევრების თქმით, ანტარქტიკის ტერიტორიაზე დედამიწაზე წყლის ქვეშ არსებული მეთანის მეოთხედია განთავსებული. ისინი დიდი ხანია, რაც მეთანის გაჟონვის საფრთხეზე საუბრობენ, რადგან ეს პროცესი ყინულის დნობასა და ტემპერატურის მატებას გამოიწვევს.
მაგრამ აქამდე მეთანის აქტიური გაჟონვა არ დაფიქსირებულა. მკვლევრების თქმით, ამ შემთხვევაში მეთანი გლობალური დათბობის შედეგად არ გამოთავისუფლებულა — როსის ზღვაში, სადაც გაჟონვა მოხდა, აქტიური დათბობა არ დაფიქსირებულა. მათი თქმით, ამ პროცესის წყარო ჯერჯერობით უცნობია.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ მიკროორგანიზმების მუშაობის პრინციპის გაანალიზება მეთანის გაჟონვასთან დაკავშირებით მეტის გაგებაში დაეხმარებათ.
"ჩვენი შედეგები იმის ვარაუდის საფუძველს, რომ კლიმატის მოდელები, შესაძლოა, ამ მიკროორგანიზმების საპასუხო რეაქციის შედეგად გაუმჯობესდეს", — ნათქვამია კვლევაში.