შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ზედაპირული ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ საქმეში ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მიწვეულმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად საჭიროა კვლევების ჩატარება, რისთვისაც უკვე აღებულია ნიმუშები.
„წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-დან 7 დღემდეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. ამ ექსპერტიზისათვის აღებულია ნიმუშები. ზედაპირული ხასიათის ტრავმული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები ან სხვა სახის დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო შორს წასული გვამური მოვლენების გამო“, - განაცხადა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, პირველადი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნა გამოქვეყნდა.
„ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება. რენტგენოსკოპიული და შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლინდა. ცეცხლსასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ არის ნანახი. გამოვლინდა შორსწასული მოგვიანებითი გვამური მოვლენები. სხეულის ზედაპირული დაზიანებების, სისხლნაჟღენთებისა და ტრავმული დაზიანებების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო. რეკომენდებულია კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით“, - აღნიშნულია დასკვნაში.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტიც ჩაერთვება.
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.