მთავრობის გადაწყვეტილების მთავარი მოტივი არის ის, რომ რამენაირად „ფრონტერა“ დაბრუნდეს, იშოვოს ფული და დაფაროს დავალიანება თანამშრომლებისა და სახელმწიფოს წინაშე და, ამასთან ერთად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის ყველა კომპანია ძვირფასია და კარგი საინვესტიციო კლიმატი გვაქვს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ეკონომისტმა, ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა.
„კომპანია „ფრონტერას“ ისტორიას მე 1997 წლიდან ვიცნობ, როცა ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა კანცელარიაში შედგეს ფეხი. მაშინ მე ძალიან აქტიურად ვაშუქებდი ნავთობის თემებს და კარგად ვიცი, რომ დროდადრო ეს კომპანია განცხადებებს აკეთებდა და ამ მანიპულირების გზით ცდილობდა, კაპიტალიზაცია გაეზარდა ლონდონის ბირჟაზე. რა თქმა უნდა, ლონდონის ბირჟამ ეს შეამჩნია და „ფრონტერას“ ფასიანი ქაღალდების კოტირება აკრძალა და დღეს ეს კომპანია ლონდონის ბირჟაზე აღარაა წარმოდგენილი. შემდეგ მათ ჰქონდათ შეღწევის მცდელობები აზერბაიჯანში, უკრაინაში და ა.შ., მაგრამ აი ასეთ კომპანიასთან გვაქვს საქმე. მთავრობის გადაწყვეტილების მთავარი მოტივი არის ის, რომ რამენაირად ეს კომპანია დაბრუნდეს, იშოვოს ფული და დაფაროს დავალიანება თანამშრომლებისა და სახელმწიფოს წინაშე და, ამასთან ერთად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ვაჩვენოთ, რომ ჩვენთვის ყველა კომპანია ძვირფასია და კარგი საინვესტიციო კლიმატი გვაქვს. სხვადასხვა ქვეყნის სხვა ინვესტორებიც ამახვილებდნენ ყურადღებას „ფრონტერას“ საქმეზე და ამიტომაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ამ საქმის დახურვა. პრინციპში, ისედაც ყველა კარგად ხედავს, რომ ძალიან კარგი ბიზნესგარემო გვაქვს, ამაზე საერთაშორისო რეიტინგებიც მეტყველებს. თუმცა ეს გადაწყვეტილება აღიქმება როგორც კეთილი ნების ჟესტი 2-წლიანი დავისას ბოლომდე დამარცხებული კომპანიის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ამას ბიზნესწრეებში კარგი გამოხმაურება მოყვება“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.