გიორგი ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებაზე რეაქციას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, თუ მათთვის პრიორიტეტს საქართველოს ინტერესები წარმოადგენს, მაშინ ქვეყნისთვის დახმარების შესაძლო მოხსნა არ უნდა უხაროდეთ.
„როდესაც ქვეყნის ინტერესებია მთავარი, არ უნდა გიხაროდეს ის, რომ ვიღაცამ დააყენოს საკითხი, რომ დახმარება მოეხსნას საქართველოს. არ უნდა გიხაროდეს და მით უმეტეს არ უნდა იხრწოდე იმისთვის რომ ზოგიერთ კონგრესმენს ასეთი სურვილი გაუჩნდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე საუბარი არასდროს ყოფილა.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი წარადგინა, რომელშიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების პრიორიტეტებზეა საუბარი.
დოკუმენტში ასევეა საუბარი საქართველოსთვის გასაწევ დახმარებაზე. კერძოდ, კანონპროექტში გაწერილია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 დოლარს მიიღებს.